ახალი ამბები

სააკაშვილთან ექიმების ჯგუფი მისი თანხმობის შემდეგ შევა – ტიკარაძე

13 ოქტომბერი, 2021 • 1859
სააკაშვილთან ექიმების ჯგუფი მისი თანხმობის შემდეგ შევა – ტიკარაძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესასწავლად და დასაკვირვებლად ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი შექმნა.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც მასთან ერთად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი მონაწილეობდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ექიმთა ჯგუფი სააკაშვილთან მას შემდეგ შევა, რაც ამ უკანასკნელისგან თანხმობას მიიღებს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ისინი ერთმანეთს, საჭიროებისამებრ, რეგულარულად გაუზიარებენ ინფორმაციას.

“ასევე, სახალხო დამცველს ეთხოვა, რომ განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მისი ნებართვის გარეშე გაავრცელეს.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მიხეილ სააკაშვილის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მისი განცხადებით, იგი შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი