ახალი ამბები |

“დაკვირვების მიზნით სააკაშვილის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გავეცით” – ექიმი

19 ოქტომბერი, 2021 | | 978
“დაკვირვების მიზნით სააკაშვილის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გავეცით” – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას აცხადებს, რომ ექიმებმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს.

ზურაბ ფაღავას თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო არაა, თუმცა მაღალია გართულებების ალბათობა და მათი თავიდან აცილების მიზნით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, რომელიც მე-19 დღეა შიმშილობს, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს:

“სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი, თავი რომ დავიზღვით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია. ეს არ არის საათების საკითხი, მაგრამ უახლოეს პერიოდში.

შეთავაზება გაკეთებულია, ახლა არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის, მაგრამ უახლოეს დღეებში შესაძლოა მოსალოდნელი იყოს სერიოზული გართულება”, – ამბობს კონსილიუმის წევრი ექიმი.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი