ახალი ამბები

მინისტრი: თუ სააკაშვილი თანახმა იქნება, კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება

19 ოქტომბერი, 2021 • 1531
მინისტრი: თუ სააკაშვილი თანახმა იქნება, კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იქნება, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ექიმთა იმ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.

რატი ბრეგაძემ არ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციები წარუდგინეს სამინისტროს ექიმებმა, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა, რომ ექიმებმა მონიტორინგის მიზნით ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით,

“ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, იქიდან გმაომდინარე, რომ არის შიმშილობის მე-19 დღე, ნებისმიერ დროს შესაძლოა გართულდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ ისინი რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას.

თუმცა, ჩვენ რამდენადაც ვიცით, მიხეილ სააკაშვილს ამაზე ჯერ თანხმობა არ აქვს გაცემული და, შესაბამისად, ჩვენ ვმჯელობთ იმაზე, სანამ ის განაცხადებს თანახმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ გაეწიოს სამედიცინო დახმარება, თუკი მდგომარეობა გართულდება”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, სანამ ის გონზეა, შესაბამისი დახმარება არ გაეწევა. იმ შემთხვევაში კი, თუ პატიმარი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, ექიმები ვალდებული არიან, შესაბამისი დახმარება გაუწიონ:

“დიდი იმედი მაქვს, იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რათა მოსალოდნელი გართულებები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული”, – ამბობს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი