ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ არ უშვებენ კონსილიუმს სააკაშვილთან

16 ნოემბერი, 2021 •
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ არ უშვებენ კონსილიუმს სააკაშვილთან

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან კონსილიუმი.

ბრეგაძის სიტყვებით, დაკავების მომენტიდან “არ ყოფილა შემთხვევა”, როცა სააკაშვილს რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდა და პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მომსახურების მიწოდება ვერ შეძლო. მისივე თქმით, ამიერიდან ექიმები საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

“აღნიშნულ [მე-18] სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის ეფექტური კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.

ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით,პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას”, — დასძინა მან.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პირობებში მიხეილ სააკაშვილის “დაცულობის ხარისხი, სამედიცინო თვალსაზრისით, ბევრად უფრო მაღალია”.

“თუ ამბობთ, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და არაფერი პრობლემა არ არის, მაშინ კონსილიუმს რატომ არ უშვებთ, რომ შეამოწმონ, რა პირობებშია მიხეილ სააკაშვილი და შეიძლება თუ არა მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა”, — ჰკითხა ჟურნალისტმა ბრეგაძეს, რაზეც მინისტრმა უპასუხა:

“კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა [რუსთავის] მე-12 დაწესებულებაში.

მე-12 დაწესებულება, ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება. ეს არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

და როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, იმისთვის, რათა დამატებით თუ გახდება საჭიროება, მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”, — დასძინა ბრეგაძემ.

მანვე სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მთავრობის მიერ შემქნილი ექიმთა კონსილიუმის წევრები 14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ამის მიზეზად, ექსპრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა დაასახელა ის, რომ არასამუშაო საათები იყო.

უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას ინფორმაციით, კონსილიუმის წევრმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ მთავრობას კონსილიუმში გასტროენტეროლოგის ჩართვის საჭიროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო.

სააკაშვილი პატიმრობაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი