„ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში შემავალ ადამიანებს სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ. ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს, განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს, დაეყრდნობა თუ არა ექიმთა ჯგუფის დასკვნას, რომელმაც გასცა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია.
„ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუცია არის პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემის შესაფასებელია, დაეყრდნობა იმ ექიმების დასკვნას, ვინც წარადგინა სახალხო დამცველმა, თუ დაეყრდნობა თავისი სამკურნალო ექიმების გამოცდილებას. მე არ ვარ ის პირი, რომ შევაფასო, რომელს უფრო მეტი კომპეტენცია აქვს. მე ვაზროვნებ ლოგიკურად და ვფიქრობ, როდესაც უწყებას ნამართი აქვს ორი ათასი შიმშილობის შემთხვევა, ე.ი. ამ უწყებას აქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის სხვაზე მეტი“, – განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, აქ არაფერ შუაში არის ჯანმრთელობა და ის მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება. დავითულიანის თქმით, ამ პროცესში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლების საწინააღმდეგო მხარესაა გადახრილი.
„არ ვიცი, ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სუბიექტური არის თუ არა, თუმცა იქ შემავალი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი, რომ მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნა დაწერეს[…]
ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს. მე ასე ვხედავ, შეიძლება ვცდებოდე. დაისვა თუ არა კითხვა, რატომ უნდა მოხდეს პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა, დასვა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ეს კითხვა, რომ დაესახელებინათ ერთი სერვისი, რომელსაც პენიტენციური სისტემა ვერ აწვდის პატიმარს, მაშინვე პასუხის გასაცემად შეიკრიბა რაღაც ჯგუფი ლომჯარიას მხრიდან. ღმერთმა ქნას, ობიექტური იყოს ეს დასკვნა, არ ვიცი, მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი. ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო ოპოზიციის მხარეს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კონსენსუსის საფუძველზე მოამზადა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, დასკვნა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, საჯარო ნაწილი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას და რეკომენდაციებს, ხოლო მეორე ნაწილი არის კლინიკური გასინჯვების შედეგები, რაც დახურულია და მხოლოდ შესაბამის პირებს გააცნობენ.
რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფოს აღჭურვილობას, ექიმთა შეფასებით, დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის, 2 კვირის წინ გახნილია საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული ოთახი, გადაყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან და დაწესებულებაში ყოველდღე მორიგეობს ზოგადი პროფილის (თერაპევტი ან ქირურგი) ერთი ექიმი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.
ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.
ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა








