ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერთი წელი ომიდან – რატომ განახლდა ბრძოლები

17 ნოემბერი, 2021 • 1799
ერთი წელი ომიდან – რატომ განახლდა ბრძოლები

2020 წლის ყარაბაღის ომიდან ერთი წლის შემდეგ სომხეთი და ზერბაიჯანი ერთმანეთს ყველაზე მასშტაბურად დაუპირისპირდნენ.

საზღვარზე მიმდინარე უახლესი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარეებმა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები გაავრცელეს.

სომხური მხარის თანახმად, 16 ნოემბრის ბრძოლების შედეგად დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, 13 აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ტყვეობაში, ხოლო კიდევ 24 ჯარისკაცი ჩაითვალა დაკარგულად. ოფიციალური ბაქოს მიხედვით, დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრძოლების შედეგად, ორ საგუშაგოზე კონტროლი აზერბაიჯანმა მოიპოვა.

გამოყენებული შეიარაღების, მხარეთა შორის გარდაცვლილთა და კონფლიქტის გეოგრაფიულად განფენილობის გათვალისწინებით, 16 ნოემბრის ბრძოლები ორ ქვეყანას შორის ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა 2020 წელს მომხდარი მთიანი ყარაბაღი მეორე ომის შემდეგ.

ურთიერთბრალდებები 

ოფიციალური ერევანი და ბაქო მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოფიციალური ბაქოს ცნობით, მოწინააღმდეგემ ოპერაცია მოულოდნელად დაიწყო და ხელსაყრელი სიმაღლეების დასაკავებლად თავს დაესხა აზერბაიჯანულ პოზიციებს, თუმცა აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა შეძლეს მოწინააღმდეგეების განიარაღება და დაკავება.

ბაქოს ცნობითვე, მათ შეძლეს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და ნაღმმტყორცნების განადგურება.

აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარს „ჩაშლილი პროვოკაცია“ უწოდა და მასში ოფიციალური ერევანი დაადანაშაულა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს პროვოკაციის მოწყობაში.

სამინისტრომ სომხურ საინფორმაციო საშუალებას, News.am-ს განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მოაწყო პროვოკაცია და თავს დაესხა სომხურ პოზიციებს“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა არტილერია, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი.

სომხური მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ- 4 BTR-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, 1 Sandcat-ის საბრძოლო მანქანა და 5 პერსონალის გადამყვანი მანქანა, მათ შორის Kamaz, Ural და UAZ გაანადგურა.

სატელეფონო დიპლომატია 

16 ნოემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ესაუბრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვსა და მის სომეხ კოლეგას – სურენ პაპიკიანს, რომელიც ამ პოსტზე რამდენიმე დღეა დაინიშნა.

შოიგუმ მხარეებს ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. სატელეფონო საუბარი სომხური მხარის სურვილით გაიმართა. ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მეორე მხრივ, საუბარი შედგა აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის.

ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

დღის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება დასტაბილურდა.

“აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად ვითარება დასტაბილურდა. შეაირაღებული შეტაკებები შეწყვეტილია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

საზღვრების პრობლემა 

2021 წლის მაისის თვეში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები  ორ ქვეყანას შორის საზღვრის გატარების თაობაზე კიდევ ერთხელ დაიძაბა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, აზერბაიჯანმა დაიწყო იმ პოზიციების დაკავება, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხეთის კონტროლქვეშ იყო.

ოფიციალური ბაქოს თანახმად, ის იკავებს იმ პოზიციებს, რომელიც საბჭოთა რუკების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილია.

„აზერბაიჯანული მხარე საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებას მოითხოვს, სომხური მხარე კი – პირიქით, შენელებას, რადგან დელიტიმაციის მიხედვით, ყარაბაღი უნდა აღმოჩნდეს აზერბაიჯანის მხარეს, რაც სომხეთისთვის მიუღებელია. განსაკუთრებით ახლა სომხეთს ცუდი(დამარცხებულის) პოზიციიდან პროცესის დაწყება არ უნდა.

ბოლოდროინდელი ესკალაცია აჩვენებს იმას, რომ მხარეები ერთმანეთს პოზიციებს უსინჯავენ, თუ სადამდე შეიძლება „წარმატებების მიღწევა“.

აზერბაიჯანული მხარე ითხოვს დელიმიტაციას, რაზეც სომხეთს აქვს რეაქცია. ეს იწვევს სხვადასხვა ადგილას ესკალაციას და ამ შემთხვევაში, რაც ვიხილეთ, ეს იყო განსაკუთრებული მასშტაბის“, – განუცხადა კონფლიქტების მკვლევარმა გიორგი კანაშვილმა ნეტგაზეთს.

რუსეთის ფედერაცია, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მთავარი მედიატორია, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ერთობლივი კომისიის შექმნის ინიციატივით ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, თუმცა ქვეყნებს შორის ოფიციალური საზღვარი ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი