ახალი ამბები

უკრაინის ომბუდსმენი და გორდონი დესტაბილიზაციის გასაღვივებლად მოდიან — ვოლსკი

16 ნოემბერი, 2021 • 1280
უკრაინის ომბუდსმენი და გორდონი დესტაბილიზაციის გასაღვივებლად მოდიან — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი და უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში „დესტაბილიზაციის პროცესის გასაღვივებლად“ შემოდიან. ამის შესახებ მან დღეს, 16 ნოემბერს, უკრაინის ომბუდსმენის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც უკრაინის სახალხო დამცველი იქნება, დეპუტატი იქნება, თუნდაც ჟურნალისტი გორდონი, როდესაც შემოდის ქვეყანაში და მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, ეს არის განპირობებული მთავარი ნიშნით — ეს ადამიანები თავის მოვალეობის შესასრულებლად კი არ მოდიან, ეს ადამიანები მოდიან, რათა ეს დესტაბილიზაციის პროცესი როგორმე გააღვივონ, განავითარონ და დამატებითი საწვავი შესძინონ ამ დესტაბილიზაციის გეგმებს, რაც ნაცმოძრაობას და პირადად სააკაშვილს გააჩნია“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა, გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინის ომბუდსმენის საქართველოში სააკაშვილთან შეხვედრას ვერ ახერხებს.

14 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად თავად სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით არ შეუშვეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მოწოდებისა, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს აღნიშნულზე და ირწმუნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით კი ეს ასე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი