სამართალი

არ გვაქვს ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალებულება — რატი ბრეგაძე

16 ნოემბერი, 2021 • 1296
არ გვაქვს ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალებულება — რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად თავად სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით არ შეუშვეს.

„საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება.

შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ, შევეცადოთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული. სწორედ ამ მოტივებით, ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ შევუშვით. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით შემოსულია წერილი და მას გავცემთ პასუხს“, — თქვა იუსტიციის მინისტრმა დღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

რატი ბრეგაძის თქმით, ამიერიდან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შეუშვებენ მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შორის არ არიან უკრაინელი დეპუტატები ან სახალხო დამცველი.

მან ლუდმილა დენისოვა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო.

„წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონმა დენისოვამ გააკეთა ცალმხრივი განცხადება, კარგი იქნებოდა, შეგვხვედროდა, მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალიწინებულიყო ორივე პოზიცია. როდესაც ის პირველად შევიდა მიხეილ სააკაშვილთან, გამოვიდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, კითხვაც არ დაუსვამს ჩვენთვის, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ის ინფორმაცია, რაც მიაწოდეს“ ,— აღნიშნა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მოწოდებისა, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს აღნიშნულზე და ირწმუნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით კი ეს ასე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი