ახალი ამბები

შეძრწუნებული ვარ ციხეში სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით — ფონ კრამონი

12 ნოემბერი, 2021 • 1616
შეძრწუნებული ვარ ციხეში სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით — ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელება “სავალალოა”. თავისი პოზიცია ფონ კრამონმა “ტვიტერზე” დააფიქსირა.

“შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით.

საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება, “ქართული ოცნება” კი სულ უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.

საქართველო უკეთესს იმსახურებს”, — აღნიშნავს ის.

ევროპარლამენტარის თქმით, “სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ, არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს”.

“საქართველომ უნდა გადალახოს ეს ქაოსი და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა”, — დასძენს ვიოლა ფონ კრამონი და ამატებს:

“და ვინ ხეირობს ამ უსარგებლო დრამით? არა — საქართველოს მოსახლეობა და ნამდვილად არა — მათი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ისინი, ვინც სიამოვნებით თელავენ ქართულ ხუთჯვრიან დროშას”.

უკანასკნელ რეპლიკას ევროპარლამენტარმა თან დაურთო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, Россия-1-ის სტუდიის ფოტო. გადაცემისთვის, რომელიც საქართველოს ამბებს შეეხებოდა, სტუდია ისე მოაწყვეს, რომ იატაკზე, რომელზეც ტელეწამყვანები და სტუმრები იდგნენ, საქართველოს დროშა იყო გამოსახული.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც 42-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 8 ნოემბერს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.

საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს ორი ვიდეო გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი