ახალი ამბები

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სუს-თან დაკავებულები — ადვოკატი

10 ნოემბერი, 2021 • 1100
ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სუს-თან დაკავებულები — ადვოკატი

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავებული აქტივისტები. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია ადვოკატმა მიაწოდა.

გიორგი ტაბატაძე, რომელიც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ [GDI] იურისტია, ერთ-ერთია იმ 4 ადვოკატს შორის, ვინც დაკავებულების უფლებებს იცავს.

ის ამბობს, რომ დილიდან საღამომდე დაკავებულები მანქანებში იყვნენ „მშიერ-მწყურვალები“. ზაჰესში არსებული წინასწარი მოთავსების იზოლატორის ეზო კი სავსე იყო პატიმრებით. ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიცია ვერ ასწრებდა დაკავებულების სხვადასხვა იზოლატორში გადაყვანას.

„მას შემდეგ, რაც შევხვდით დაკავებულებს, გამოვედით [ეზოდან გარეთ], რომ ოჯახის წევრებისთვის მეთქვა მათი მდგომარეობის შესახებ, მერე იმ მოტივით, რომ შესახლებული სანამ არ არისო, ეზოში ვეღარ შეგახვედრებთო. არადა, ის, რომ ამდენი ხანი ვერ ასახლებდნენ, თავიანთი პრობლემა იყო. ზოგი მათგანი წაიყვანეს, ზოგი- გურჯაანში, ზოგი- თელავში და, შესაბამისად, ვერ შევძელით ყველას ნახვა. და ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ, ვინ სად არის. სანამ არ შესახლდებიან, არ გვეუბნებიან, არ იციან. ზოგი გზაშია, ზოგი- სად. თავადაც არ იციან“, – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი ტაბატაძემ.

მისივე თქმით, 46 დაკავებულიდან 4-თან შეხვედრა მოასწრო, 10-ს კი თავისი ნომერი დაუტოვა.

ჩვენს კითხვაზე, რატომ გაიწელა ეს პროცესი ამდენ ხანს, ტაბატაძე გვპასუხობს:

„ვინაიდან არ აქვთ ამდენი რესურსიც კი, რომ ამდენი ადამიანი გააჩერონ, აუხსნელია, რატომ აკავებენ ყველას და ციხეში უშვებენ. მით უფრო, ასე უსაფუძვლოდ. თვითონაც კარგად იციან ეს, უბრალოდ, არ უნდათ, რომ აქციებში მონაწილეობა მიიღონ და ეს არის მთავარი მიზეზი. სამართალთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს“.

ადვოკატი დასძენს, რომ ამ დროისთვის იზოლატორის ეზოში მანქანები აღარ დგას, შესაბამისად, დაკავებულები, სავარაუდოდ, უკვე გადაიყვანეს. თუმცა, კონკრეტულად სად – ეს მათთვის ჯერ უცნობია.


დღეს 10 ნოემბერს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამბობდნენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატებს ასევე უნდოდათ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.

აქციის დაწყებიდან მალევე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო, ჯამში, დააკავა 46 ადამიანი. შსს-ს თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აკრძალულია “ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება”.

მალევე უფლებადამცველებმა დაწერეს, რომ დაკავებულებთან იურისტები დაგვიანებით შეუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი