ახალი ამბები

თბილისში აქციებზე 46 ადამიანი დავაკავეთ — შსს

10 ნოემბერი, 2021 • 1427
თბილისში აქციებზე 46 ადამიანი დავაკავეთ — შსს

თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე აქციებზე, პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს დილიდან, ენმ-ის ორგანიზებით, თბილისში 3 ადგილას მიმდინარეობს დემონსტრაციები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან.

“იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 46 პირი დააკავა”, — აღნიშნავს შსს.

უწყების თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აკრძალულია “ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება”.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლიციის მიერ დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი აქტივისტები: ბადრი შუბლაძე, მურმან დუმბაძე და ნიკა ფაარულავა.

დაკავებამდე შუბლაძე  სიტყვით მიმართავდა პოლიციას და მოუწოდებდა, არ დამორჩილებოდნენ ოფიციალურ ბრძანებებს.

მოგვიანებით დააკავეს “გირჩის” წევრი და საბურთალოზე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ყურუა.

აქციები გუშინ, 9 ნოემბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაიგეგმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

მასალების გადაბეჭდვის წესი