ახალი ამბები

თბილისში ავტოკოლონებით სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი მსვლელობა გაიმართა

16 ნოემბერი, 2021 • 841
თბილისში ავტოკოლონებით სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი მსვლელობა გაიმართა

ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია-მსვლელობა გამართა. მსვლელობა სამი ადგილიდან — რესპუბლიკის მოედანზე, ცესკოს შენობასა და ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან — დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.

აქციის მონაწილეები ავტომანქანებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით, სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატებითა და სიგნალებით გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი მიზანია არაძალადობრივი გზებით “რეჟიმის ჩამონგრევა”.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ოპოზიცია ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავს. აქციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მიზანი მშვიდობიანი აქციების ჩატარებაა და მონაწილეებს ყოველ ჯერზე მოუწოდებენ, არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს, რამაც შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. ერთ-ერთი ასეთი აქცია გაიმართა 10 ნოემბერს თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან, სადაც 46 ადამიანი დააკავეს.

აქციების ძირითადი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 47-ე დღეა შიმშილობს. ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

გარეკანის ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი