ახალი ამბები

გია ხარჩილავა ღარიბაშვილის ორგანიზებულ ღონისძიებას არ დაესწრება

10 ნოემბერი, 2021 • 3594
გია ხარჩილავა ღარიბაშვილის ორგანიზებულ ღონისძიებას არ დაესწრება

წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ არ დაესწრება ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც მისი თქმით საზეიმო ელფერს ატარებს და არჩეული მერებისთვის მისალოცი ხასიათისაა:

„ვადასტურებ, რომ მივიღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება. ამ გზაზე, რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან.

აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში“, – ამბობს გია ხარჩილავა.

მისი თქმით, არჩევნები მასშტაბური დარღვევების ფონზე ჩატარდა და რომ არა ეს, შედეგებიც განსხვავებული დადგებოდა. ამასთან, წალენჯიხის მერის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ღონისძიებას ვერ დაესწრება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი არაჰუმანური მიდგომაა და მთავრობას მოუწოდებს ექსპრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანისკენ:

„სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და რომელთანაც, არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას, სულ სხვა შედეგი დადგებოდა! სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში.

არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია“, – ამბობს გია ხარჩილავა.

წალენჯიხის მერი მიიჩნევს, რომ დღეს გაჩნდა შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეზეე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი:

„მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე, როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის, პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება! დღეს კი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი, რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია.

ამასთან, ვიმეორებ – მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“, – ამბობს გია ხარჩილავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებს ხვდება. ღარიბაშვილი უკვე შეხვდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტებში არჩეულ მერებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი