ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს ისე, რომ მანამდე პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი იყო და ძველი პარტიისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
პარტიის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის თქმით, ხარჩილავას პარტიისთვის არ უცნობებია, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოში წევრიანდებოდა.
ნიკა მაჭუტაძე განმარტავს, რომ ხარჩილავა 2016 წელს მისი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო წალენჯიხა-ჩხოროწყუში. 2017 წლიდან იკავებდა რეგიონული მდივნის თანამდებობას. 2020 წელს აირჩიეს ახალ პოლიტსაბჭოში. 2021 წელს კი პატიის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კვოტით მაჭუტაძემ თავად წარუდგინა მისი კანდიდატურა ენმ-ის ხელმძღვანელობას წალენჯიხის მერის არჩევნებში.
მაჭუტაძის თქმით, ხარჩილავა პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი იყო გუშინდლამდე, ხოლო იმის შესახებ, რომ წალენჯიხის მერი ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა, პარტიამ მედიის საშუალებით შეიტყო, რის თაობაზეც საჯარო განცხადებაში უკმაყოფილებას გამოხატავს:
“გია ხარჩილავა არა მხოლოდ თანაპარტიელი იყო, არამედ მეგობარიც იყო ჩვენი და ძალიან, ძალიან სამწუხარო, გამაოგნებელი და პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ამბავია, როდესაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა.
სხვათა შორის, ზოგიერთი მისი ახლანდელი თანაპოლიტსაბჭოელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გიას კანდიდატურას და სერიოზული შიდაკოალიციური მუშაობის გაწევა დაგვჭირდა. დღეს კი სწორედ იმ პოლიტიკურ საბჭოში ამოყო თავი, სადაც თურმე მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, ნუგზარ წიკლაურის ადგილი არ ყოფილა”, – წერს მაჭუტაძე.
თავად გია ხარჩილავა ადასტურებს, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს და ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ის წარადგინა, როგორც “ერთადერთი გამარჯვებული ოპოზიციური მერი”. ამის შესახებ ხარჩილავამ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.
მისი განმარტებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის კენჭს იყრიდა როგორც ენმ-ის მიერ წარდგენილი უპარტიო კანდიდატი და ამის საფუძველზე მიიღო პოლიტსაბჭოს წევრობის შეთავაზებაც:
“მე თვითონ წარმადგინა ენმ-მ, როგორც უპარტიო კანდიდატი არჩევნებზე, და ვარ ერთადერთი გამარჯვებული მერი მთელ საქართველოში და, როგორც ენმ-ის წარდგენილი და გამარჯვებული მერი, შემომთავაზეს [პოლიტსაბჭოს წევრობა] და, რასაკვირველია, დავთანხმდი იმიტომ, რომ ბრძოლაში უნდა ვიყო ბოლომდე”, – აცხადებს ხარჩილავა.
რაც შეეხება ნიკა მაჭუტაძის განცხადებას, გია ხარჩილავა მიიჩნევს, რომ მაჭუტაძეს აღნიშნულის შესახებ საჯაროდ არ უნდა ესაუბრა და ეს საკითხები “მასშტაბში ძალიან პატარაა იმ თემებთან მიმართებაში, რომელიც მომავალში გველის”. მისი თქმით, მაჭუტაძესთან ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად საუბარს გეგმავს და საჯაროდ “პოლემიკაში შესვლას” არ აპირებს.
“ძალიან დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს [“სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი], ძალიან დიდ პატივს ვცემ თვითონ ნიკა მაჭუტაძეს და ამ სტილით და ფორმით საუბარი ჩემთვის ძალიან გასაკვირია.
დღეს ერთობის დროა. ეს არის იმ პოსტსაარჩევნო სიტუაციის ნაწილი, როცა ვერ ლაგდებიან და დუღილის ტემპერატურამ არ დაიწია. მე ყველას მოვუწოდებ, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც ძალად გვხდის და ეს არის ერთობა.
ამ ნაწილში პოლემიკას არ ვაპირებ, ვის, ვის წინაშე რა დამსახურებები აქვს, რადგან მე ძალიან ბევრი მაქვს ჩემს წარსულზე და მომავალზე სალაპარაკო და ეს არ არის იმ კატეგორიის საკითხი, რომელიც ამხელა აჟიოტაჟს უნდა იწვევდეს. ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს. პოსტსაარჩევნო ემოციების დადუღებისკენ და იმ ადამიანური ურთიერთობების და ხარისხისკენ მოვუწოდებ ყველას, რაც ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან”, – ამბობს ხარჩილავა.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, არის თუ არა პარტიის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი ამჟამად ხარჩილავა პასუხობს:
“[შიდაპარტიულ] არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია და ეს არის ჩვენი, ერთმანეთთან ადამიანურად სასაუბრო თემა და არ შევდივარ პოლემიკაში. ყველაფერი ჩვენ შორის გაირკვევა”.
პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” 2016 წელს დაარსდა, რამდენიმე თვეში კი პაატა ბურჭულაძემ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. მას შემდეგ პარტიას ნიკა მაჭუტაძე ჩაუდგა სათავეში.
მაჭუტაძე და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-სთან ერთად კოალიციაში („ძალა ერთობაშია“) გაერთიანდა, რის შემდეგაც პარტიის წევრები პარლამენტის დეპუტატები გახდნენ.
რაც შეეხება ხარჩილავას, გუშინ, 5 თებერვალს გამართულ ენმ-ის რიგით მეათე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ⅓, მათ შორის ერთ-ერთია გია ხარჩილავა.