სამართალი

„ექსპერტიზის დასკვნით, მანქანა ხელოვნურად დაწვეს“ — ხარჩილავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

29 ნოემბერი, 2022 • 1832
„ექსპერტიზის დასკვნით, მანქანა ხელოვნურად დაწვეს“ — ხარჩილავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

წალენჯიხის მერ გია ხარჩილავას განცხადებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მისი პირადი ავტომობილი ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

„ჩემი პირადი ავტომობილი არც თვითაალებით დამწვარა, და არც უგულისყურობით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მანქანის დაწვის მიზეზი გახლავთ ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, როგორ მოხდა ეს ხანძარი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სახლიდან პოლიციამდე მანძილი 200 მეტრია. 200 მეტრი გახლავთ სახანძრომდეც. ეს პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ხანძარი მოხდა ღამის 4 საათზე, როდესაც ქალაქში თითო-ოროლა ავტომობილი მოძრაობს. ანუ, დადგენის და დაზუსტების ძალიან მარტივი რეჟიმია. თავიდანვე გასარკვევი იყო, რამ გამოიწვია ხანძარი და ექსპერტიზის მიერ დადგენილია, რომ ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი“, — განაცხადა გია ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წალენჯიხის მერის მოადგილემ თმარ ბელქანიამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ეს არის გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გია ხარჩილავას პოლიციაში გადასცეს. დასკვნის თანახმად, ხანძარი გაჩნდა არა მანქანის სალონში, არამედ გარედან და ხელოვნურად. ბელქანიასვე თქმით, გია ხარჩილავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა გამოძიებას ჯერ არ ჰყავს ეჭვმიტანილი.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა

წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის გია ხარჩილავას მანქანა 11 ოქტომბერს დაიწვა.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – მერის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი