ახალი ამბები

თბილისში, სახელმწიფო უწყებებთან აქციები იმართება

10 ნოემბერი, 2021 • 728
თბილისში, სახელმწიფო უწყებებთან აქციები იმართება

თბილისში, სახელმწიფო უწყებებთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იმართება.

აქტივისტები შეიკრიბნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროების შენობებთან. მოგვიანებით, საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 13 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

დემონსტრანტები უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრასა და მათგან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვენ, მათ შორის, როგორც მიხეილ სააკაშვილთან და მის პატიმრობასთან, ისე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და სხვა.

აქციების გამართვის შესახებ გუშინ, 9 ნოემბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

დემონსტრაციების ჩატარების ადგილებზე მობილიზებულია პოლიციაც. ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს, თუმცა ამის მიზეზი უცნობია, რადგან აქცია ძალადობრივი არ არის და არც გზის სავალი ნაწილია გადაკეტილი.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს დაკავებულთა რაოდენობასა და მიზეზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი