ახალი ამბები

პოლიციამ მარტვილში, სალხინოს მონასტერთან, 7 პირი დააკავა – შსს

7 ნოემბერი, 2021 • 773
პოლიციამ მარტვილში, სალხინოს მონასტერთან,  7 პირი დააკავა – შსს

პოლიციამ მარტვილში სალხინოს მონასტერთან დღეს, 7 ნოემბერს, არსებულ დაძაბულობის დროს 7 პირი დააკავა. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, 6 პირი ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითა დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი მონაზონი ათინოგენი ამბობს, სალხინოს მონასტერთან პოლიციამ ის ადგილობრივები დააკავა, რომლებიც მონასტერში შესვლას ცდილობდნენ.

„კაცი ამბობს, რომ ტაძარი იყო სავსე ადგილობრივი ადამიანებით და როდესაც ადგილობრივი ადამიანები მისულან აქ დღეს, დააპატიმრეს[…] მამა მარკოზი დააპატიმრეს და შალვა ჩხიკვაძე“, – განუცხადა ჟურნალისტებს მონაზონმა ათინოგენმა.

დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ჩაატარა, რომლის გადადგომასაც ადგილობრივი მრევლის ნაწილი ითხოვს.


კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მწვავე ფაზაში კი მას შემდეგ შევიდა, რაც ეპარქიის მმართველად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე [კალაიჯიშვილი] დაინიშნა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ჯერ მსახურება აუკრძალა, შემდეგ კი ეკლესიიდან განკვეთა ათამდე სასულიერო პირი. ამასთან მოსთხოვა მათ საეკლესიო სამოსლის ჩაბარება და მონასტრების დატოვება. სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რადგან თვლიან რომ მიტროპოლიტმა ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კანონიკის გვერდის ავლით და დარღვევით მიიღო. განკვეთილი სასულიერო პირები ითხოვენ წმინდა სინოდი შეიკრიბოს, სადაც მათი საკითხი განიხილება. არაერთი დაპირების მიუხედავად, წმინდა სინოდის სხდომა არ გამართულა, განკვეთილი სასულიერო პირების საკითხი კი ამ დრომდე ღიად რჩება.

საქართველოს საპატრიარქოს ბოლო დროინდელი განცხადებებით კი ჩანს რომ საპატრიარქო მხარს უჭერს მიტროპოლიტ სტეფანეს. სწორედ საპატრიარქომ მისცა ე.წ. განკვეთილ ბერებს მონასტრების დატოვების ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე. ხოლო მას შემდეგ, რაც ბერები ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ, 5 ნოემბერს, გამთენიისას სალხინოს მონასტრის კელიებში ჩოხაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ბერები კელიებიდან გამოყარეს. დაპირისპირების დროს ადგილზე მისულმა პოლიციამ ყველა სასულიერო პირი დააკავა. თუმცა მოგვიანებით ისინი იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 ნოემბერს ჟუურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეკლესიიდან მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, რადგან წასასვლელი არსად აქვთ, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს.

5-6-7 ნოემბერს სალხინოს მამათა მონასტრის წინ ბერებისა და მრევლის ერთობლივი საპროტესტო აქციები გაიმართა. მრევლის წევრები ითხოვდნენ მიეცათ ტაძარში შესვლის უფლება, თუმცა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი