ახალი ამბები

ვასაჯაროვებთ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტებს — პენიტენციური

6 ნოემბერი, 2021 • 7714
ვასაჯაროვებთ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტებს — პენიტენციური

პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ეს არის საკვები დანამატები, მათ შორის, თხევადი და არა თხევადი სახით.

სახალხო დამცველის ცნობით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ამასვე ადასტურებს, სახალხო დამცველის ცნობით, პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში.

“მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას, რადგან ამგვარმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

სააკაშვილმა უარყო საკვების მიღება და დაადასტურა, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან, 6 ნოემბრიდან უარს ამბობს არა მარტო წვენებზე, არამედ მინერალებზე და ვიტამინებზე (გლუკოზის აბებზე).

საკვებს არ ვიღებ, ​დღეს დილიდან უარი ვთქვი გლუკოზის აბებზეც — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი