იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი აცხადებს, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა “გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არა თხევადი სახით”.
“ასევე, [იღებს] კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენებს. ეს პერიოდი მან განვლო ამ დანამატების მიღების ხარჯზე. აღნიშნული ითვლება კვებად”, — უთხრა ცხვარაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი “სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს”.
ნიკა ცხვარაშვილის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიზნით ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს, თუმცა არ აქვს პასუხი, გასაჯაროვდება თუ არა [კვების] კადრები.
“რამდენად მიზანშეწონილია, მიმდინარეობს მსჯელობა”, — თქვა მან.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა თქვა, რომ “პაციენტი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს”.
“ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით”, — განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა — სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები კი ნორმის ფარგლებშია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
სააკაშვილმა უარყო საკვების მიღება და დაადასტურა, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან, 6 ნოემბრიდან უარს ამბობს არა მარტო წვენებზე, არამედ მინერალებზე და ვიტამინებზე (გლუკოზის აბებზე).
საკვებს არ ვიღებ, დღეს დილიდან უარი ვთქვი გლუკოზის აბებზეც — სააკაშვილი








