ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

6 ნოემბერი, 2021 • 1206
ომბუდსმენის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

სახალხო დამცველის რწმუნებულები 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.

სახალხო დამცველის ცნობით, ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

“ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას.

“ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი – მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა”, — აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეისწავლის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

სააკაშვილმა უარყო საკვების მიღება და დაადასტურა, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან, 6 ნოემბრიდან უარს ამბობს არა მარტო წვენებზე, არამედ მინერალებზე და ვიტამინებზე (გლუკოზის აბებზე).

მასალების გადაბეჭდვის წესი