ახალი ამბები

საკვებს არ ვიღებ, ​დღეს დილიდან უარი ვთქვი გლუკოზის აბებზეც — სააკაშვილი

6 ნოემბერი, 2021 • 1458
საკვებს არ ვიღებ, ​დღეს დილიდან უარი ვთქვი გლუკოზის აბებზეც — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირ საკვებს არ იღებს, ხოლო სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეს დილიდან უარი თქვა მინერალებზე და ვიტამინებზეც.

“რაც შეეხება ჩემი შიმშილობის დეტალებს და “ხელისუფლების” განცხადებებს, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი”, — აცხადებს სააკაშვილი.

ის ადასტურებს, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი.

“არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ. დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან. ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის”, — ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს, საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, “პრაიმთაიმმა” გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი