ახალი ამბები

რევოლუციის ან დამხობის ხსენება ავტომატურად დანაშაული არ არის — სიმონიშვილი

3 ნოემბერი, 2021 • 1884
რევოლუციის ან დამხობის ხსენება ავტომატურად დანაშაული არ არის — სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, სუს-ის განცხადება, რომელიც რევოლუციისკენ მოწოდებას დანაშაულად წარმოაჩენს, სამოქალაქო პროტესტის შეზღუდვას ემსახურება.

“სუს-ის განცხადება შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთადერთ რაღაცას, რომ ადამიანებმა პროტესტი გამოხატონ არა საჯაროდ, არამედ თვითცენზურა დაიდგინონ. კანონის წარმოჩენა ისე, თითქოს რევოლუციის ხსენება და ხელისუფლების შეცვლის ხსენება არის დანაშაული, უკავშირდება სამოქალაქო პროტესტის შეზღუდვას”, — ამბობს სიმონიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ დანაშაულია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და არა მშვიდობიანი რევოლუცია და ამისკენ მოწოდება.

“ძალადობით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რა თქმა უნდა, არის დანაშაული, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ რევოლუციაზე და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე მშვიდობიანი ფორმით, ხელისუფლების ცვლილებაზე მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის მეშვეობით, თუნდაც ეს იყოს მწვავე პროტესტის გზით, რა თქმა უნდა, ეს დანაშაული არ არის.

ამდენად, სიტყვა რევოლუციის ან დამხობის ხსენება არ შეიძლება ავტომატურად დანაშაულად იყოს აღქმული მხოლოდ ამ სიტყვების ხსენების გამო. მნიშვნელოვანია შეფასდეს ქმედებები და არა სიტყვები, იმიტომ, რომ ამ სიტყვებს თავისი შინაარსი აქვს და თუ საუბარია მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების ცვლილებაზე, მშვიდობიანი ფორმით რევოლუციაზე, ეს არ არის დანაშაული”, — განაცხადა სიმონიშვილმა.

სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.

სუს-ის მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

“Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გამოხმაურება სოციალურ ქსელში

“ზუგდიდში მაქვს დღეს რევოლუცია და მოდით”, — მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეპუტატი ანი წითლიძე.

სუს-ის განცხადების შემდეგ, რომ სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია. სოცქსელების მომხმარებლები წერენ რევოლუციას და ნიშნავენ სუს-ის გვერდს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ, ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის.

შემდეგ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე” სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შესაძლოა, არავინ დააკავონ, რადგან “უწყებამ დანაშაული ჩანასახშივე აღკვეთა”.

„ჩანასახშივე აღიკვეთა, შესაძლოა, დაკავება ვერ მოხერხდეს“ – მდინარაძე სუს-ის გამოძიებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი