ახალი ამბები

სუს-ის განცხადება რევოლუციაზე, აბსტრაქტულია — ბოკერია

3 ნოემბერი, 2021 • 1216
სუს-ის განცხადება რევოლუციაზე, აბსტრაქტულია — ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას მოსაზრებით, სუს-ის მიერ დღეს, 3 ნოემბერს გავრცელებული განცხადება „აბსტრაქტულია“ და ხალხისთვის იმის შეხსენებას ემსახურება, რომ უწყება პერსონალურად დგას ბიძინა ივანიშვილის სამსახურში.

ბოკერია გულისხმობს სუს-ის გვანცხადებას, სადაც მოსახლეობას მოუწოდებენ, ნუ ავრცელებენ მოწოდებებს რევოლუციისკენ.

ბოკერიას თქმით, სუს-ის მხრიდან რეაგირება 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებებს არ მოჰყოლია, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ კონკრეტულ ქმედებებს ჩაიდენდნენ.

„სუსი ამ განცხადებაში არ აზუსტებს, რა ტიპის განცხადებებს გულისხმობს, მაგრამ ყველას მინდა გავახსენო, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა განზრახ, აშკარა, მყისიერი, პირდაპირი საფრთხე დგება კანონსაწინააღმდეგო შედეგისა.

ამის მაგალითად, რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუს-ს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს, შემდეგ, პროცესში ახორციელებდნენ ამ ქმედებას, ანუ კონკრეტული ძალადობრივი შედეგი როცა დადგა და ცნობილი იყო, რომ დადგებოდა კიდევაც, ეს პირველად არ ხდებოდა.

მაშინ წინასწარი რეაგირება არ ჰქონია სუს-ს, არც პოსტ-ფაქტუმ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები, მაგრამ ახლა აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რათა გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზანესობის ან კონსტიტუციური წყობისა“, — განაცხადა ბოკერიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „დესტრუქციულ ძალებს“ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან თავის შეკავებისა და სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უწყების განცხადებით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი