ახალი ამბები

ვერ ვუკავშირდებით ქალს, ვინც აცხადებს, რომ „ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა – ISFED

2 ნოემბერი, 2021 • 1947
ვერ ვუკავშირდებით ქალს, ვინც აცხადებს, რომ „ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა – ISFED

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ ვერ უკავშირდება ქალს, ვინ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას აიძულებდა.

საუბარია იზა ჩირგაძეზე, რომელიც ქუთაისში 90-ე უბანზე რეგისტრატორი იყო – ამომრჩეველთა საერთო სიაში მოქალაქეს ამოწმებდა, მარკირებას უტარებდა და უკვე შემდეგ ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს აძლევდა.

იზა ჩირგაძემ აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენცია 1 ნოემბერს გამართა, იმავე საღამოს სუს-ის შენობასთან დააკავეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, იმედა კლდიაშვილი. კლდიაშვილის თქმით, ის აპროტესტებდა სუს-ის მხრიდან ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეზე ზეწოლას.

„იმავე დღეს, საღამოს, „სამართლიან არჩევნებს“ იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს, 13:30 საათზე, სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა დღეს დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება“, – წერს ორგანიზაცია.

„სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გახმიანებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად.

„სამართლიანი არჩევნები” კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ დროს დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები. იზა ჩირგაძეს ამ ეტაპზე ვერც ნეტგაზეთი უკავშირდება.

წაიკითხეთ ვრცლად:

„ოცნება“ მაიძულებდა არჩევნების გაყალბებას“ — საუბნო კომისიის წევრი ქუთაისიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი