ახალი ამბები

ქუთაისში, სუს-ის შენობასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი დააკავეს [VIDEO]

2 ნოემბერი, 2021 • 1446
ქუთაისში, სუს-ის შენობასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი  დააკავეს [VIDEO]

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სუსის შენობასთან დააკავეს.

კლდიაშვილის თქმით, ის აპროტესტებდა სუსის მხრიდან ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეზე ზეწოლას.

დაუმორჩილებლობის გამოსახატად იმედა კლდიაშვილმა 1 ნოემბრის ღამით ქუთაისის სუს-თან მანქანა დააყენა და შენობის შესასვლელი ჩახერგა.

„შეგნებულად ვაკეთებ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, იმიტომ, რომ ამ შენობაში არსებულმა ადამიანებმა მოიპარეს ქუთაისელების არჩევანი, გააჩუმეს დღეს ადამიანი, რომელიც „ოცნების“ კოორდინატორებს დარღვევაში ამხელდა და ფეხს არ გავადგამ და არ დავიძრები აქედან, ეს იქნება ჩემი დაუმორჩილებლობის აქტი“, — აცხადებდა კლდიაშვილი.

კლდიაშვილს მანქანის გადაყენება სთხოვეს, თუმცა დაუმორჩილებლობის ნიშნად ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მანქანიდან გადაიყვანეს და დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განაცხადეს, იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე საჯაროდ აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა.

ჩირგაძე საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, ის რეგისტრატორი იყო — ამომრჩეველთა საერთო სიაში მოქალაქეს ამოწმებდა, მარკირებას უტარებდა და უკვე შემდეგ ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს აძლევდა.

როგორც იზა ჩირგაძე აღწერს, გაყლბების სქემა შემდეგნაირი იყო: უბანზე უნდა შემოსულიყო პირი სხვა ადამიანის პირადობით და სხვის ნაცვლად უნდა მიეცა ხმა.

ჩირგაძის თქმით, მიუხედავად ზეწოლისა და ზარებისა, მას კანონი არ დაურღვევია და არ დათანხმდა ხმების გაყალბებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აიძულებდა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მისი და მისი ოჯახის წევრების შევიწროება გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი