ახალი ამბები

„ოცნება“ მაიძულებდა არჩევნების გაყალბებას“ — საუბნო კომისიის წევრი ქუთაისიდან

1 ნოემბერი, 2021 • 5131
„ოცნება“ მაიძულებდა არჩევნების გაყალბებას“ — საუბნო კომისიის წევრი ქუთაისიდან

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე საჯაროდ აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა.

ჩირგაძე საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, ის რეგისტრატორი იყო — ამომრჩეველთა საერთო სიაში მოქალაქეს ამოწმებდა, მარკირებას უტარებდა და უკვე შემდეგ ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს აძლევდა.

როგორც იზა ჩირგაძე აღწერს, გაყლბების სქემა შემდეგნაირი იყო: უბანზე უნდა შემოსულიყო პირი სხვა ადამიანის პირადობით და სხვის ნაცვლად უნდა მიეცა ხმა.

ჩირგაძის თქმით, მიუხედავად ზეწოლისა და ზარებისა, მას კანონი არ დაურღვევია და არ დათანხმდა ხმების გაყალბებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აიძულებდა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მისი და მისი ოჯახის წევრების შევიწროება გაგრძელდა.

რას ჰყვება რეგისტრატორი?

„ვიყავი 90-ე უბანზე კომისიის წევრი. მაძალებდნენ, რომ გამეყალბებინა. ქალმა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დამირეკა, როცა შემოვა ამომრჩეველი, გაატარეო. არცერთი გავატარე. ორი შემთხვევა იყო, როცა პირადობის მოწმობის მონაცემები არ ემთხვეოდა საარჩევნო სიაში არსებულ მონაცემებს. უბრალოდ, მხოლოდ სახელი ემთხვეოდა. სხვა ადამიანი შემოდიოდა, სხვა პირადობით. არ მოვაწერინე ხელი და გავაბრუნე.

დამირეკეს, რას ჰქვია, არ გაატარე, უნდა გაგეტარებინა, შეასრულეო… ჩემზე იყო დამოკიდებული, ხელს მოვაწერდი თუ ბეჭედს დავარტყამდი. ვეცადე, რომ არცერთი ბიულეტენი არ გამეყალბებინა, სრულიად ყველას ვიღებდი სამართლიანად, პირბადეებს ვუწევდი, სახეზე ვაკვირდებოდი, ვამოწმებდი. უკანონობა არ ჩამიდენია“, — ჰყვება ქალი პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს ქუთაისში ენმ-ის ოფისში გაიმართა.

როგორც იზა ჩირგაძე იხსენებს, ის 31 ოქტომბერს დაუკავშირდა ენმ-ის წარმომადგენელ კომისიის წევრს შეხვედრის მიზნთ, რათა მისთვის მოეყოლა გაყალბების სქემის შესახებ და თავის დასაცავად დახმარება ეთხოვა.

ჩირგაძის თქმით, მისი შევიწროება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღეს, პირველ ნოემბერსაც გააგრძელა. კერძოდ, ურეკავდა ჩირგაძეს და მასთან შეხვედრას ითხოვდა. ამის შემდეგ ის კვლავ დაუკავშირდა ენმ-ის წარმომადგენელს და შეხვედრა დათქვეს ქუთაისში, ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე „მაკდონალდსში“.

იზა ჩირგაძის ინფორმაციით, როდესაც „მაკდონალდსში“ მივიდა, მას ისევ დაურეკეს მმართველი პარტიიდან და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ საკვები ობიექტის გარეთ და სურდათ მასთან გასაუბრება. ქალის თქმით, მას შეეშინდა და თავი შეაფარა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლს“, სადაც შეხვდა კიდეც ენმ-ის წარმომადგენელს.

მისი მონათხრობის თანახმად, სავაჭრო ცენტრში ამ დროს გამოჩნდნენ უცხო პირები, რომლებსაც მისი უცნობი მიმართულებით გაყვანა უნდოდათ, მათვე გამოიძახეს პატრული:

„უთხრეს, თითქოს მომიტაცეს.. არადა, ჩემი ნებით ჩავჯექი მანქანაში [ენმ-ის წარმომდგენლის]“, — უთხრა ნეტგაზეთს იზა ჩირგაძემ.

ენმ-ში ამბობენ, რომ ადგილზე იყო მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რადგან უცხო პირები ცდილობდნენ ქალის გაყვანას. ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება მათ სატელეფონო ზარებს უსმენდა და სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის ფაქტი, რომ უცხო პირები კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ იზა ჩირგაძეს.

ჩირგაძის თქმით, ამის შემდეგ დაუკავშირდნენ მის დას და უთხრეს, რომ შეიძლებოდა მას ჰქონოდა პრობლემები, ასევე, ითხოვდნენ იზას ქმირს ტელეფონი ნომერს. იზა ჩირგაძე შიშობს, რომ ზეწოლა არ შეჩერდება.

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანს, სადაც იზა ჩირგაძე რეგისტრატორი იყო, არჩევნების პირველ და მეორე ტურებში სხვადასხვა თავმჯდომარე ჰყავდა. პირველ ტურში თავმჯდომარე მარიამ ჭოლაძე იყო, მეორე ტურში კი- შორენა მალაღურაძე. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ჭოლაძე თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამ სამუშაოს შესრულება გაუჭირდა.

როგორც ჭოლაძე ნეტგაზეთს უყვება, პირველ ტურში უბანზე არეულობა შეინიშნებოდა, რომელშიც დამკვირვებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. როგორც ის ირწმუნება, „ოცნებისგან“ ზეწოლა არ უგრძნია და არც სმენია მსგავს შემთხვევაზე.

უბანზე თავმჯდომარის ცვლილებას ნეტგაზეთთან ადასტურებს თავად იზა ჩირგაძეც. ის გვიყვება, რომ პირველი ტურის დროს არც მასთან დაურეკავს „ოცნების“ წარმომადგენელს, ზეწოლა მხოლოდ მეორე ტურის დროს იყო.

„კომისიის თავმჯდომარემ იცოდა იმიტომ, რომ მივწერე, ასე და ასე ხდება-მეთქი. მოდის ადამიანი საერთოდ სხვა სახელით, მაგრამ გარეგნობა, გვარი, პირადობა არ ემთხვევა, როგორ მოვიქცე-მეთქი. არაფერი არ გაბედოო, მიპასუხა“, — ამბობს ჩირგაძე.

ქალი ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ სქემის შესახებ კომისიის სხვა წევრებმაც იცოდნენ. საქმე ის არის, რომ საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირველი რიგის მომწესრიგებელი ხვდება —  ადამიანი, ვინც ამოწმებს ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და ასევე, აქვს თუ არა პირს მარკირება გავლილი.

შესაბამისად, ამომრჩეველს, რომელსაც სხვისი სახელით უნდა მიეცა ხმა, ჯერ რიგის მომწესრიგებელი შეხვდებოდა და უკვე შემდგომ რეგისტრატორი, ამ შემთხვევაში, იზა ჩირგაძე.

ნეტგაზეთი კითხვებზე პასუხს ამ დრომდე ელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

„ოცნების“ პასუხი

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანსა და დეპუტატს, შალვა პაპუაშვილს. მან დაგვიდასტურა, რომ იცის პრესკონფერენციის შესახებ, თუმცა უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან შესაძლოა ყოფილიყო მუქარის ან ზეწოლის რაიმე ფაქტი.

„ამბობენ, ბევრი რამე შეიძლება ითქვას, მაგრამ ფაქტია, ეს არის სპეკულაცია. ერთია, რომ ამბობს, ასე მეუბნებოდნენო, მაგრამ თან – არაფერი გამიკეთებიაო. შესაბამისად, თავად ამბობს, რომ არაფერი გაუყალბებია და მეორე, არის ცარიელი სიტყვა“, — ამბობს პაპუაშვილი და უარყოფს, რომ შესაძლოა, ვინმეს დაერეკა „ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან და ქალს დამუქრებოდა.

ჩვენს დამატებით კითხვაზე, ხომ არ აპირებს, თავადაც მოიკვლიოს მომხდარის შესახებ, ის გვპასუხობს:

„გავარკვიოთ, დანაშაულს სჩადიოდნენ თუ არა? არა, რა თქმა უნდა. აქ ჩვენთან დამნაშავეები არ არიან“, — უთხრა პაპუაშვილმა ნეტგაზეთს.

რას ნიშნავს ე.წ. კარუსელის მეთოდი ?

ის, რასაც იზა ჩირგაძე აღწერს, ემთხვევა გაყალბების ე.წ. კარუსელის მეთოდს. ნეტგაზეთთან საუბარში ISFED-ის იურისტი გიორგი მონიავა განმარტავს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძირითადად ორი ტიპის „კარუსელია“ აღრიცხული: „სტანდარტული“ და „სომხური“.

პირველი ტიპის კარუსელი გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც პირი ან პირთა ჯგუფი გადაადგილდება რამდენიმე უბანზე და მრავალჯერადად აძლევს ხმას. ამ სქემის განსახორციელებლად საუბნო კომისიის, სულ მცირე, ორი წევრის ხელშეწყობაა საჭირო: ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის.

ნაკადის მომწესრიგებელი, რომელიც უბნის კართან დგას და ამოწმებს შემომსვლელის პირადობის მოწმობასა და მარკირებას, გაფრთხილებულია, რომ კარუსელის განმახორციელებელი პირ(ებ)ი მარკირების შემოწმების გარეშე უნდა შეუშვას.

უბანზე შესვლის შემდეგ „კარუსელის“ განმახორციელებელმა პირმა იცის, თუ რომელ რეგისტრატორთან უნდა მივიდეს. რეგისტრატორი არის კომისიის წევრი, რომელიც მარკირების სითხეს ასხურებს ამომრჩეველს, ამოწმებს პირადობის მოწმობას და ამომრჩეველთა სიაში პირს საკუთარი სახელის გასწვრივ აწერინებს ხელს, რის შემდეგაც მას ბიულეტენ(ებ)ს გადასცემს.

რეგისტრატორიც გაფრთხილებულია, რომ მასთან „კარუსელის“ მონაწილე პირი უნდა მივიდეს. მან ასევე იცის, თუ ამომრჩეველთა სიიდან ვინ შეიძლება არჩევნებზე არ მივიდეს: ვინ იმყოფება უცხოეთში, გარდაცვლილია ან არასოდეს მონაწილეობს არჩევნებში. იგი „კარუსელის“ განმახორციელებს სწორედ ასეთი ამომრჩევლის სახელის გასწვრივ აწერინებს ხელს, რის შემდეგაც გადასცემს ბიულეტენ(ებ)ს. ამის შემდეგ კი აღნიშნული აკეთებს არჩევანს, ათავსებს ბიულეტენებს კონვერტში და საარჩევნო ყუთში აგდებს.

„სომხური კარუსელი“ მცირედით განსხვავდება ამ პრაქტიკისგან და აქ არაა აუცილებელი საუბნო კომისიაში წევრებთან წინასწარი შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში, წინასწარ გადაბირებული თუ დაშინებული ამომრჩეველი იღებს ბიულეტენებს, შედის ხმის მისაცემ კაბინაში, თუმცა ერთ ცარიელ ბიულეტენს მალულად ინახავს და გარეთ გააქვს.

მას ეს ცარიელი ბიულეტენი მიაქვს კოორდინატორთან/კარუსელის ხელმძღვანელ პირთან. ეს უკანასკნელი შემოხაზავს იმ სუბიექტს, რომლისთვისაც კეთდება „კარუსელი“ და შემოხაზულ ბიულეტენს შემდეგ ამომრჩეველს გადასცემს, რომელმაც ქმედებების იგივე ციკლი უნდა გაიაროს.

თუკი პირველ შემთხვევაში, საუბნო კომისიის სხვა წევრებისა და დამკვირვებლების მიერ ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის კონტროლისა და ზედამხედველობის შემთხვევაში, „კარუსელის“ ამოცნობა და ჩაშლა შესაძლებელია, მეორე შემთხვევაში ეს კიდევ უფრო რთულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი