ახალი ამბები

HRC: უბნების მიმდებარედ “ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ

30 ოქტომბერი, 2021 • 496
HRC: უბნების მიმდებარედ “ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” [HRC] ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაციას დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები ჰყავს განაწილებული, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა HRC-ის წარმომადგენლებმა უბნების მიმდებარედ დააფიქსირეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ. ამის შესახებ HRC-ის წარმომადგენელმა, ალეკო ცქიტიშვილმა განცხადეა.

მისი თქმით, ორგანიზაცია არჩევნების მიმდინარეობას ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დამკვირვებლით აკვირდება. ამასთან, სხვადასხვა საარჩევნო უბანთან ვითარების მონიტორინგისთვის ორგანიზაციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნების მიმდებარედ დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის N3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი საკუთარ ბლოკნოტში იწერდა მისული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს . საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დამკვირვებელმა მისცა მითითება, რომ შეწყვეტილიყო ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს შენიშვნა დამკვირვებელმა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ზომები და დარღვევა აღმოფხვრა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, HRC-ის ცნობით, დამკვირვებლებმა ამომრჩევლის აღრიცხვის პროცესი დააფიქსირეს რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთანაც, თუმცა, 100 მეტრის მოშორებით.

“გაურკვეველი პირები, რომლებმაც დამკვირვებელს ვინაობა არ დაუსახელეს, ასევე, აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს. მათ თან ჰქონდათ სიები, სადაც უბნისკენ მიმავალ ამომრჩევლებს ნიშნავდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ამ პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თან არანაირი სიები არა აქვთ”, – განმარტებულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი