ახალი ამბები

ვის (არ) მისცა ხმა გიორგი გახარიამ

30 ოქტომბერი, 2021 • 1131
ვის (არ) მისცა ხმა გიორგი გახარიამ

„ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგოს“ ,– განაცხადა დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

„როცა ჩვენ არჩევანის უფლებას გვართმევენ, როცა ორივე პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის“ ,– თქვა მან.

გახარიამ ბოლოს დააკონკრეტა, რომ ხმა არცერთისთვის არ მიუცია.

გახარიამ ასევე კომენტარი გააკეთა პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გუშინ, 29 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.

„ჩემმა კოლეგებმა გუშინ ძალიან კარგი კომენტარი გააკეთეს, ვინც გასაყიდია, უნდა გაიყიდოს.

ველოდები და მზად ვარ იმისთვის, რომ როგორც დაანონსდა, ღიად თქვეს, რომ ვიყიდით, დავაშინებთ, „ქართული ოცნება“ ამას გააგრძელებს. ვიღაცები ამას გაუძლებენ, ვიღაცები ვერ გაუძლებენ, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ პოზიტიური პროცესია“, – აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, პარტიას „საქართველოსთვის“ არ ექნება არავისთან კოალიცია – „იქ, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა იყო და ეს იყო „ლელოსთან“, ჩვენ კი, ვთანამშრომლობთ“ ,– დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი