ახალი ამბები

კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს – კობახიძე სააკაშვილზე

28 ოქტომბერი, 2021 • 3756
კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „არ შიმშილობს და ეს არის შიმშილობის იმიტირება“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. მათ შორის იმის გამოც, რომ ის, რასაც ჰქვია, არ შიმშილობს, ის არ შიმშილობს. იყო კონკრეტული ფაქტები, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ ისაუბრა. ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, ეს იმიტაციაც აქტუალური იქნება 30 ოქტომბრამდე და ამის შემდეგ ინტერესიც აღარ დარჩება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შოუ ძალაში დარჩება 30 ოქტომბრამდე, მაგრამ შემდეგ მთლიანად დაკარგავს თავის აქტუალობას“, – განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს იუსტიციის სამინისტროს განცხადება აძლევს, რომ სააკაშვილმა შიმშილობის პერიოდში თაფლი მიიღო.

„შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. ეს არის იმიტირებული ქრონიკა, რაც არის მათი ხელწერა. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

27 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის, რეანომობილის მომსახურებაზე.

სააკაშვილის თქმით, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციის დროს.

„ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე.

მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“, — ამბობს სააკაშვილი. მისი განცხადება კი ჟურნალისტებს ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ამცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი