ახალი ამბები

სააკაშვილის მოსანახულებლად თბილისში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა

27 ოქტომბერი, 2021 • 881
სააკაშვილის მოსანახულებლად თბილისში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა.

ლიუდმილა დენისოვამ უკვე მოინახულა სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და თქვა, რომ მის პირად ექიმთანაც გეგმავს შეხვედრას.

„დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავიგო და დავრწმუნდე, თუ რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში“, — ამბობს დენისოვა. მისი სიტყვების თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

დენისოვას თქმითვე, თუ ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სააკაშვილისთვისაა საჭირო, მზად არის შეხვდეს მის პირად ექიმსაც.

„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, გავარკვიო, რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ“, — აცხადებს ის.

ჟურნალისტებთან საუბარში სახალხო დამცველი ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის სიტყვებსაც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში დასაბუთების გარეშე არ შემოუშვეს. დენისოვა დასძენს, რომ „გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში“.

ვრცლად:

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი