ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატის ცნობით, ექსპრეზიდენტს წუხელ რეანიმატოლოგის დახმარება დასჭირდა

25 ოქტომბერი, 2021 • 1393
სააკაშვილის ადვოკატის ცნობით, ექსპრეზიდენტს წუხელ რეანიმატოლოგის დახმარება დასჭირდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, წუხელ ღამით ექსპრეზიდენტის ანალიზებში “ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა”. მისი სიტყვებით, “საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი”.

“ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა თავის დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა”, — დასძენს ის.

სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვირვებისთვის, ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა.

სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიციაა, რომ სააკაშვილს ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება.

აღნიშნულის გამო სააკაშვილის ადვოკატი კვლავ აკრიტიკებს მთავრობას. მისი სიტყვებით, სახელმწიფო ტყუის, როცა ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი არ საუბრობს “კერძო კლინიკაზე”.

“კონსილიუმმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა და შემადგენლობაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დაკომპლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და დუპლექს-სკანირების გაკეთება.

ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლებმაც თქვეს, დადეს დასკვნა და პრინციპში ამას, მგონი, იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი არც კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება.

შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას”, — დასძენს დიმიტრი საძაგლიშვილი.

24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ციხის საავადმყოფო ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციებთან შეუსაბამოა და არის უსაფრთხოების რისკიც.

დასკვნაში ნათქვამია, რომ მე-18 დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები.

თუმცა, ომბუდსმენის განცხადებით, უშუალოდ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, “რაც სამწუხაროდ, N18 დაწესებულებაში შეუძლებელია”.

“მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა, ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს“, — ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.

25 ოქტომბერს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს არ უარუყვია, რომ კონსილიუმის დასკვნაში მრავალპროფილურ კლინიკაზეა საუბარი. თუმცა, მისი თქმით, “მრავალპროფილური კლინიკა ავტომატურად არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას”.

“გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად”, — დასძინა მან.

აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტმა ბრეგაძეს შეახსენა სახალხო დამცველის დასკვნა, რომლის თანახმადაც ციხის საავადმყოფო რეკომენდაციებთან შეუსაბამოა. საპასუხოდ მინისტრმა დასძინა:

“არ გვინდა საკითხის ასე დასმა. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან… რაც შეეხება მის დასკვნას, მანდ ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო: ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში”.

სააკაშვილი პატიმრობაში

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, დილის საათებში, ექსპრეზიდენტმა ბათუმში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოში დაბრუნდა.

პროკურატურის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანაში მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალური გზებით.

უწყების თქმით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

სააკაშვილის გარდა, მისთვის დახმარების გაწევისა თუ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ჯამში, 4 პირია დაკავებული.

სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ესალმება მხარდამჭერებს

სანამ დაბრუნდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან მალევე, 2013 წელს დატოვა. ამის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მას წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება ედება ბრალად. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი