ახალი ამბები

ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” — უგულავა

23 ოქტომბერი, 2021 • 1291
ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” — უგულავა

ოპოზიციის კანდიდატებმა, რომლებიც სამეგრელოს ქალაქებსა და მაჟორიტარულ ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ, ზუგდიდში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ ხელისუფლების მხრიდან “უდანაშაულო მოქალაქეების პოლიტიკურ დაპატიმრებაზე” ისაუბრეს და მხარდამჭერებს 30 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდეს.

“ხელისუფლება მხოლოდ ლანძღვით არ შემოიფარგლება, მათ დაიწყეს მოქმედება, დაიწყეს სრული უკანონობა, დაიწყეს თავისუფალი, უდანაშაულო მოქალაქეების, ყოფილი ძალოვნების პირდაპირ პოლიტიკური დაპატიმრებები”, — დასძინა გიგი უგულავამ, რომელიც ფოთის მერობისთვის იბრძოლებს მეორე ტურში.

მისი თქმით, პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა, რომელიც პოლიციამ მიმდინარე კვირაში დააკავა, პოლიტპატიმარია.

“ჩვენ, ოპოზიციის ყველა კანდიდატი სამეგრელოში, ვინც აქ ვიმყოფებით, მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი შევიკრიბეთ აქ, ზუგდიდში, რათა განვაცხადოთ შემდეგი: ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის”.

ხობში დაიჭერენ უკანონო ჩადებით, დამცირებით, ადამიანებს? ჩვენ, ყველანი ვიქნებით მის გვერდზე. ზუგდიდში მოხდება ეს? ჩვენ, ყველანი ვიქნებით მის გვერდზე. ფოთში მოხდება ეს? ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად და ვიბრძოლებთ ერთად, რადგან ეს არის ჩვენი თითოეული თანამოქალაქის, სამეგრელოს ყველა კუთხეში მცხოვრები გაბრაზებული ადამიანის გულისთქმა”, — დასძინა მან.

უგულავამ მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ უნდა იყვნენ მშვიდად, “როგორც არასდროს”:

“ეს იმედგაცრუება და ბრაზი მივიტანოთ 30 [ოქტომბრამდე] და გამოვხატოთ უკლებლივ ყველამ. არავინ უნდა დარჩეს სახლში, რადგან ამის მოთმენა აღარ შეიძლება აღარც გულით და აღარც გონებით.

ამიტომ, ვიმოქმედოთ, მაგრამ არ მივცეთ მათ [ხელისუფლებას] საფუძველი, რაიმეზე წამოგვიკიდოს. ჩვენ ვხედავთ გავეშებულ ხელისუფლებას. მხოლოდ და მხოლოდ შვიდი ბრაზი უნდა დავუპირისპიროთ მას”.

რა ხდება სამეგრელოში?

პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ხობში, 21 ოქტომბერს დააკავეს. მისი ახლობლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, რაფავა ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული ოპოზიციის რიგებიდან და ამის გამო მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სამეგრელოში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა. მათ შორისაა რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო. მცირე ხნის შემდეგ, სამსახური დატოვა ჭაბუკა რაფავამაც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში მუშაობდა.

დღეს, 23 ოქტომბერს, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ომარ არქანიამ, რომელიც, “მთავარი არხის” თანახმად, პატრულ-ინსპექტორად საქმიანობდა. არქანიას თქმით, დაკავებული ლექსო რაფავა მისი მეგობარია, თავად კი სამსახური პირადი პატაკის საფუძველზე დატოვა, ზეწოლის გარეშე.

22 ოქტომბრის ღამით “ნაციონალური მოძრაობა” ამბობდა, რომ გამთენიისას ან დღის განმავლობაში ზუგდიდში ენმ-ს საარჩევნო შტაბის წევრი, ყოფილი ძალოვნების დაკავებას აპირებდნენ.

მცირე ხნით ადრე, “ტვ პირველმა” გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც გორში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მობილიზაცია გამოცხადდა და არ იყო გამორიცხული, სპეცრაზმი დასავლეთ საქართველოში გადაეყვანათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხსენებული ცნობა უარყო და თქვა, რომ “სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია”.

ზუგდიდის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა, ხოლო ქალაქის მერის არჩევნებში 30 ოქტომბერს მე-2 ტური იმართება. პირველ ტურში ენმ-ს კანდიდატმა და ნიკა მელიას მამა ანზორ მელიამ 46.8% აიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” – 41.1%.

გარეკანის ფოტო: სქრინი ODISHI TV-ის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი