ახალი ამბები

სპეც. რაზმის არცერთ თანამშრომელს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია — სუს-ი

23 ოქტომბერი, 2021 • 1365
სპეც. რაზმის არცერთ თანამშრომელს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია — სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “მორიგ დეზინფორმაციას” უწოდებს ცნობებს სპეც. დანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით. განცხადება უწყებამ 23 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

1 დღით ადრე, 22 ოქტომბერს, ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მობილიზაცია გამოცხადდა და ყველა სპეცრაზმელი, რომელიც სახლში ისვენებდა, ბაზაზე დაიბარეს. ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, არ არის გამორიცხული სპეცრაზმი დასავლეთ საქართველოში გადაიყვანონ.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას”, — ამბობს სუს-ი.

სპეც. რაზმის გადაადგილებაზე გავრცელებული ცნობების პარალელურად, 22 ოქტომბრის ღამით “ნაციონალური მოძრაობიდან” იუწყებოდნენ, რომ გამთენიისას ან დღის განმავლობაში ზუგდიდში ენმ-ს საარჩევნო შტაბის წევრი, ყოფილი ძალოვნების დაკავებას აპირებენ.

მელიას ცნობით, ზუგდიდში ენმ-ს მხარდამჭერი ყოფილი პოლიციელების დაკავებას აპირებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი