ახალი ამბებიეკონომიკა

100-ლარიანი დანამატი პენსიონერებს — საიდან გეგმავს მელია თანხის მობილიზებას?

26 ოქტომბერი, 2021 • 5003
100-ლარიანი დანამატი პენსიონერებს — საიდან გეგმავს მელია თანხის მობილიზებას?

„100 ლარი ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერს“, — არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამომრჩევლის წინაშე ახალი დაპირებით წარდგა, რომლის განხორციელებასაც დაახლოებით 280-მილიონიანი ბიუჯეტი დასჭირდება.

პენსიონერებისთვის 100-ლარიანი დანამატის გარდა, ნიკა მელია მოქალაქეებს ჰპირდება, რომ დედაქალაქის მერია 100 თბილისელ სტუდენტს დაუფინანსებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში და შემოიღებს უფასო კვებას თბილისის სკოლებში. სასწავლო პროგრამას, ოპოზიციის გათვლებით, 10 მილიონი ლარი დასჭირდება, სკოლებში ბავშვების უფასო კვებას კი — 80 მილიონი ლარი.

შესაბამისად, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, მისი სამი საარჩევნო დაპირების რეალობად ქცევას 370 მილიონი ლარი დასჭირდება. საიდან იგეგმება ამ თანხის მობილიზება? 

პენსია და თბილისის ბიუჯეტი დღეს

საქართველოში 794 367 პენსიონერია, აქედან თბილისში — 232 645. შესაბამისად, თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის ყოველთვიური 100 -ლარიანი დანამატის გაცემას წელიწადში 279 მილიონ 174 ათასი ლარი დასჭირდება.

დღეის მდგომარეობით, ასაკით პენსიონერისთვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 240 ლარით. 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია 25 ლარით გაეზარდათ და 275 ლარს შეადგენს.

საპენსიო უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 600.0 მილიონი ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 370 მილიონით მეტია. დედაქალაქის ბიუჯეტში კონკრეტულად თბილისელი პენსიონერებისთვის რამე დანამატი გათვალისწინებული არ არის, თუ არ ჩავთვლით 100 წლის და ზემოთ მოქალაქეების და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარების პროგრამებს.

ნიკა მელიას დაპირებას პოპულისტურად მიიჩნევს მოქმედი მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე. ის აცხადებს, რომ პენსიები ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და  ისედაც ყოველწლიურად გაიზრდება.

საქმე ეხება საპენსიო ინდექსაციის ფორმულას, რომლის თანახმადაც, პენსიის ზრდის ტემპი ინფლაციასა და ეკონომიკური ზრდის დონეზეა დამოკიდებული, რაც ყოველწლიურად პენსიის მინიმუმ 20 ლარით ზრდას ითვალისწინებს.

თბილისის ბიუჯეტი 2021 წელს (2022 წლის პარამეტრები ჯერ უცნობია) მილიარდ 228 მილიონ ლარს აღემატება. აქედან ყველაზე მეტი თანხა — 276 010.5 ათასი ლარი — სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენაზე იხარჯება, 224 437 000 ლარი — ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე. 148 964.8 ათას ლარს ხარჯავს მერია თბილისელების ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 73 146 900 ლარი.

თბილისის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები 2021 წლისთვის. ენმ-ის დაპირებების შესასრულებლად საჭიროა 370 მლნ ლარი.

როგორ გეგმევას ოპოზიცია 370 მილიონი ლარის მობილიზებას?

ოპოზიციური კოალიციის დათვლით, 300 მილიონის გამოთავისუფლება შესაძლებელია ბიუჯეტის ხარჯვის სტრუქტურის შეცვლით. ოპოზიცია, ასევე, იმედს ამყარებს თანხების გამოთავისუფლებაზე “კორუფციისა და ბიუროკრატიული ხარჯების” შემცირების გზით და მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის ზრდაზე.

“დაფინანსების წყარო იქნება ნაზარდი საბიუჯეტო სახსრები, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთანავე აუცილებლად გვექნება და მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება. პოლიტიკური, კორუფციული და მიზანშეუწონელი ხარჯვის კომპონენტებისგან გათავისუფლდება არსებული საბიუჯეტო სახსრები. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 300 მილიონი ლარის ხარჯვის სტრუქტურის შეცვლა თავისუფლად შეიძლება დღეს არსებული ბიუჯეტში. ჯამურად ყველა ამ დაპირებისთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯვის სტრუქტურის შეცვლის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები, ასევე, დაზოგილი თანხები, რომლებიც სწორი ხარჯვის პირობებში გვექნება, და პლუს საბიუჯეტო ნაზარდი, რადგან წარმოუდგენელია, ბიუჯეტის ზრდა არ მოხდეს”, — აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ირაკლი აბესაძე, რომელიც ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

მისი აზრით, თანხების ოპტიმიზაცია შესაძლებელია ინფრასტრუქტურული ხარჯების მიმართულებით ისე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შემცირდეს.

“სამწუხაროდ, დღეს ამ სფეროში სერიოზული კორუფციაა. შეგახსენებთ, ავტობუსებიდან მოპარულ 60 მილიონ ლარს; ჭავჭავაძეზე დახარჯეს 15 მილიონი და 1 წელიწადში ასფალტი გადააგეს; ხიზანიშვილზე დაიხარჯა 11 მილიონი ლარი და 2 თვეში გზა ჩავარდა; მეტრო გოცირიძესთან დაკავშირებთ ექსპერტები აფრთხილებდნენ, რომ ბაქანი ავარიულია, მაინც ჩაატარეს კოსმეტიკური სამუშაოები და შემდეგ მოუხდათ კაპიტალური გამაგრების დაწყება. ასე რომ, კორუფციაზე ბრალდებები არ არის კონკრეტული მაგალითების გარეშე წამოსროლილი, ხელშესახები ფაქტებია”, — ამბობს აბესაძე და სჯერა, რომ “თბილისის ბიუჯეტის ხარჯების მინიმუმ 10-15% მაინც კორუფციული ხარჯვის გამო იფლანგება”.

60 მლნ-იან ტენდერში ენმ გულისხმობს „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიის მიერ ავტობუსებში გადახდილ თანხასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა 60 მილიონი ლარი იყო, მერიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა EBRD-ის ექსპერტების ჩართულობით მოხდა და კორუფციას ადგილი არ ჰქონია.

“ქართული ოცნების” მუქარის მიუხედავად, რომ თითქოს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე პერსპექტივა არ აქვთ, აბესაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ზრდაზე ცენტრალურ ხელისუფლებას გავლენა ვერ ექნება, რადგან მუნიციპალიტეტებს კანონით გარანტირებული შემოსავლის წყაროები აქვთ და ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი საგადასახდო შემოსავლებით ფორმირდება.

დაპირების მიუხედავად, კოალიციაში ნეტგაზეთისთვის ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ ჩაშლილი ცხრილი, უფრო კონკრეტულად, ბიუჯეტიდან რომელ პროექტებს ან პრიორიტეტებს დააკლდება თანხები იმისათვის, რომ მელიას სამივე დაპირება განხორციელდეს.

ირაკლი აბესაძის თქმით, თანხები დაიზოგება ასევე პიარის მიმართულებით; შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, მათ შორის, საკადრო ცვლილებების გზით. თუმცა, დაახლოებით რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდება თბილისის მერიიდან, ოპოზიციაში არ დაუთვლიათ.

“არანაირი წინასწარი მონახაზით და რიცხვებით კადრებს არ მივუდგებით. ჩვენ ძალიან სწრაფად, რამდენიმე კვირაში შეგვეძლება შევაფასოთ ჩვენი თანამშრომლების გუნდი, რომელიც თბილისის მერიაში დაგვხვდება და სწრაფად მივიღოთ სამართლიანი საკადრო გადაწყვეტილებები. საკადრო პოლიტიკა ერთადერთია, რაზეც კამათის გარეშე შევჯერდით გუნდში — ერთადერთი დაპირება არის ყველა იმ პროფესიონალის შენარჩუნება სამსახურში, რომელსაც რეალურად აქვს საქმის ცოდნა. სამწუხაროდ, თბილისის მერიაში დღეს არის ბევრი ადამიანი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებების შესასრულებლად არის იქ. ზოგი შეიძლება, სამსახურებრივ ადგილას ნამყოფიც არაა და უბრალოდ ხელფასი ერიცხება. ასეთი ადამიანებისგან თბილისის მერიას აუცილებლად გავათავისუფლებთ.  ასე რომ, ბიუროკრატიის მიმართულებითაც იქნება სახსრების ოპტიმიზაცია”, — აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი