ახალი ამბები |

პოლიციის ექსუფროსს იარაღი ჩაუდეს, მოვუწოდებ პოლიცელებს ხმა აიმაღლონ – გუნავა

21 ოქტომბერი, 2021 | | 1021
პოლიციის ექსუფროსს იარაღი ჩაუდეს, მოვუწოდებ პოლიცელებს ხმა აიმაღლონ – გუნავა

ევროპული საქართველოს წევრი თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. გუნავა პოლიციის მუშაკებს მოუწოდებს, რომ ამის შესახებ ხმამაღლა ილაპარაკონ.

“ხელისუფლება რეპრესიების ახალ ეტაპზე გადავიდა, მეორე ტურის წინ, გამთენიისას შევიდნენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას ოჯახში. ბავშვების თვალწინ, მეუღლის თვალწინ ავომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა დადეს ლეიბის ქვეშ. ხელისუფლება არის აგონიაში. ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, პირველ ტურში მაქსიმალურად უშლიდნენ ხელს გაყალბებაში, ამიტომაც ეშინიათ და მიმართავენ ასეთ უმსგავსო მეთოდებს. მივმართავ პოლიციის მუშაკებს და ვთხოვ მათ, რომ აიმაღლონ ხმა იმიტომ, რომ მათი კოლეგა იყო ლექსო და ისინი ვალდებულები არიან, თქვან სიმართლე”, – განაცხადა გუნავამ.

ენმ-ის სამეგრელოს შტაბის წარმომადგენლის, ნიკო მიქაიას თქმით, სამეგრელოში “ყოფილ ძალოვნებს” აშანტაჟებენ. ასევე, მისი განცხადებით, სამეგრელოსა და თბილისში პოლიციის წარმომადგენლებმა ლექსო რაფავას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ოპერაციაში შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დირექტორი მამუკა ჭელიძე ჩაერთვნენ.

კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან უარყო, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და განაცხადა:

„სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი