კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, სენაკსა და ზუგდიდში პოლიციელები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ.
დღეს, 15 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ ის პოლიციელები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.
„დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემ მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. „ძალოვანთა შტაბი“, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე, სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები: ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.
ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. „ტყის ძმების“ მეთაური, გია ყალიჩავა-პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა- „ოცნების“ აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი“, – აცხადებს ანა წითლიძე.
ანა წითლიძის განცხადებით, აქვთ მტკიცებულებები, როგორ აშინებენ მოსახლეობას. ამ მტკიცებულებებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადასცემენ.
ანა წითლიძე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოთაღნიშნული პირების ქმედებებზე.
ანა წითლიძის განცხადებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. უწყებებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.








