ახალი ამბები

“მწვანე პასპორტების” ფართოდ გამოყენებას საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება – გაბუნია

20 ოქტომბერი, 2021 • 1540
“მწვანე პასპორტების” ფართოდ გამოყენებას საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ აკონკრეტებს, როდის დაიწყება საქართველოში “მწვანე პასპორტების” გამოყენება სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად და აცხადებს, რომ ამ საკითხს საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოზე ისაუბრა.

“მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პირი იყოს ან ვაქცინირებული, ან ჰქონდეს PCR ცნობა ან გადატანილი დაავადება, დღესაც არის დაწესებული მთელ რიგ სივრცეებში, მათ შორის, კონფერენციებზე, ტრენინგებზე დასწრება, ასევე, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. რაც შეეხება მის ფართოდ გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა ექსპერტებთან ერთად. ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე, აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი, რომ ამან არ გამოიწვიოს გარკვეულწილად არასასურველი გვერდითი ეფექტები უკმაყოფილების სახით. ასევე ყოველთვის არის გაყალბების საფრთხე, სხვა ქვეყნებმა გამოიარეს ეს…

ამდენად, როცა ყველა ეს რისკი იქნება გადაზღვეული და ჩვენ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ უფრო აქტიურად ვისაუბროთ ამაზე, რაც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ამის შესახებ გახდება ცნობილი”, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში “მწვანე ზონების” შემოღებასთან დაკავშირებით მსჯელობა რამდენიმე თვეა გრძელდება. გასულ თვეში ამის შესახებ საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც, რომელიც აცხადებდა, რომ “მწვანე ზონების” შემოღებაზე საკოორდინაციო საბჭოშიც მსჯელობდნენ.

“მწვანე პასპორტებს” ანუ დაწესებულებებში კოვიდსტატუსის შემოწმებით დაშვების პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყენებენ. მაგალითად, Euronews-ის თანახმად, ევროპაში “მწვანე პასპორტები” გამოიყენება ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.

გარკვეულ შემთხვევებში ჩამოთვლილ ქვეყნებს “მწვანე პასპორტების” გამოყენების განსხვავებული მეთოდები აქვთ, ზოგ ქვეყანაში ეს სავალდებულოა, ზოგან კი, მაგალითად, ნიდერლანდებში, არ არის სავალდებულო, თუმცა მხოლოდ იმ ბიზნესებს აქვთ მკაცრი რეგულაციების გარეშე მუშაობის უფლება, რომლებიც “მწვანე პასპორტებს” იყენებენ.

ამავე თემაზე ვრცლად:

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

მასალების გადაბეჭდვის წესი