ახალი ამბები

დავრეკეთ და გვითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ იყო – ლომჯარია ციხეში ხანძარზე

15 ოქტომბერი, 2021 • 970
დავრეკეთ და გვითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ იყო – ლომჯარია ციხეში ხანძარზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდეს.

დღეს ლომჯარიამ თავად მოინახულა ციხე, სადაც გუშინ მომხდარი ხანძრისას 2 პატიმარი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ნამდვილად, ეს კითხვა მეც მაქვს, რატომ არ შეგვატყობინა არც პენიტენციურმა, არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გუშინვე, რომ იყვნენ ან დაზარალებულები, ან მით უმეტეს, გარდაცვლილები.

მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ დაახლოებით 7-ის ნახევარზე საღამოს გვქონდა ბოლო კომუნიკაცია პენიტენციურთან, ვამოწმებდით მათ შორის ბუნტს. როგორც გვითხრეს, იყო სიმშვიდე და არანაირი პრობლემა“, – ამბობს ლომჯარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ჰკითხეს აპარატის წევრებმა კონკრეტულად გარდაცვლილების შესახებ, ლომჯარია პასუხობს, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს – „მაგრამ გვითხრეს, რომ იყო სიმშვიდე და ყველაფერი წესრიგში, ამიტომ არ გაგვჩენია კითხვა, რომ იქ იყო გარდაცვლილი ადამიანი“.

რაც შეეხება მთავარ დარღვევას, ლომჯარიას თქმით, პირველადი შეფასებით იკვეთება, რომ ციხის ადმინისტრაციას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, როგორ უნდა იმოქმედონ განგაშის შემთხვევაში. ასევე,პირველადი შეფასებით, წესები და რეგულაციები არ არის განჭვრეტადი, ხოლო სახანძრო უსაფრთხოება არ იყო გათვალისწინებული მშენებლობისას.


ხანძარი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩნდა. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ხანძარი დაიწყო, დაახლოებით 14:20 საათზე სამზარეულოში.

პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ დღეს დილით დაადასტურა, რომ შემთხვევას ორი პატიმარი ემსხვერპლა. სახალხო დამცველის თქმითვე, ხანძრისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი პატიმარია. პენიტენციურმა სამსახურმა კი თავის განცხადებაში დაწერა, რომ დაშავდა კვებითი მომსახურების კომპანია “ილი ჯგუფის” რამდენიმე თანამშრომელიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი