ახალი ამბები

ლომჯარია შევიდა ციხეში, სადაც ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

15 ოქტომბერი, 2021 • 1139
ლომჯარია შევიდა ციხეში, სადაც ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-17 დაწესებულებაში შევიდა, სადაც გაჩენილ ხანძარს გუშინ, 14 ოქტომბერს, 2 პატიმარი ემსხვერპლა.

საპატიმროში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ გარდაცვლილების შესახებ სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურ სამსახურთან აქტიური კომუნიკაცია გუშინვე ჰქონდათ:

„ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე“, — აღნიშნა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები რამდენიმე საათია პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. მისი ინფორმაციით, პატიმრებს გაესაუბრნენ და შემთხვევის ადგილიც დაათვალიერეს.

„მათთვისაც იგივე ინფორმაციაა ცნობილი, რომ ხანძარი სასადილოში სადილის შემდეგ დაიწყო. იქ ერთი პირი იმყოფებოდა, რომლის გამოყვანასაც სხვა პატიმარი ცდილობდა. სავარაუდოდ, ის დაიღუპა“ ,— თქვა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი გეგმავს, თავად გაესაუბროს პატიმრებს და შეიტყოს, რამდენად იგრძნობოდა საფრთხე იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, თუმცა, ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასეთი საფრთხე არ ყოფილა.

ლომჯარიას თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ აქვს. მისივე თქმით, იყო თუ არა ევაკუაცია დროული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი