ახალი ამბები

2 გარდაცვლილი პატიმარი ციხის სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული — პენიტენციური

15 ოქტომბერი, 2021 • 1347
2 გარდაცვლილი პატიმარი ციხის სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული — პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში 14 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდადებულის — რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის — სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

უწყების ცნობით, კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია “ილი ჯგუფის” რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდადებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდება”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციურ სამსახურში არ პასუხობენ კითხვას, გუშინვე რატომ არ გაავრცელეს ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ, ან არიან თუ არა სხვა დაშავებულები პატიმრებს შორის. პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ განცხადების მიღმა დამატებითი კითხვების გაცემისთვის მზად არ არიან.

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს გაჩნდა, გაითიშა ელექტროენერგია. გავრცელდა ინფორმაცია ციხეში ბუნტის შესახებ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ პენიტენციურმა დღის განმავლობაში რამდენიმე განცხადება გაავრცელა, მაგრამ არ უთქვამს გარდაცვლილების თაობაზე. უწყება თავის განცხადებებში ხაზს უსვამდა, რომ “სამზარეულო მსჯავრდადებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს “.

მასალების გადაბეჭდვის წესი