ახალი ამბები

ლომჯარის ცნობით, ციხეში ხანძრისას 2 პატიმარი დაშავდა

15 ოქტომბერი, 2021 • 1177
ლომჯარის ცნობით, ციხეში ხანძრისას 2 პატიმარი დაშავდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც დღეს რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, ხანძრის დეტალების შესახებ საუბრობს.

როგორც ჟურნალისტებთან განმარტავს, ციხეში შეხვედრა ჰქონდა როგორც პატიმრებთან, ასევე, ციხის ადმინისტრაციასთან.

„მათი განცხადებით ხანძარი დაიწყო მოულოდნელად და დიდი დაკვამლიანება იყო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი დაღუპული პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, მაგრამ გისოსები იყო. იყო მცდელობა, გარედან დაემსხვრიათ შუშები, ასევე, შიგნიდან, თუმცა, სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა მისი ფანჯრიდან გამოყვანა და როდესაც მოვიდა სახანძრო – დაახლოებით დროს ასახელებენ 20 წუთს – და შევიდა შესაბამისი აღჭურვილობით, ორი ადამიანი იპოვეს.

ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა და დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით“, – ამბობს ის და ამატებს, რომ საპატიმროში ზუსტად ვერ ამბობენ, გარდაცვლილები ციხეში დაიღუპნენ თუ საავადმყოფოში.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დაღუპული, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ცდილობდა შუშის ჩამსხვრევასა და გარეთ გამოსვლას. მას ასევე ეხმარებოდნენ გარედანაც, თუმცა, უშედეგოდ. ამის პარალელურად კი, პატიმრების ნაწილი სხვა კორპუსში – დახურულ სივრცეში გადაიყვანეს.

„გარეთ იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, თუმცა დანარჩენი პატიმრები ყველანი შეიყვანეს ციხის შიგნით, კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, კვამლის მიმართულება წავიდა კორპუსის საწინააღმდეგო მხარეს. ჩემი აზრით, თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მიმართულებით, სადაც ისინი წაიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია, და თუ გამძაფრდებოდა სიტუაცია, მათ გადაიყვანდნენ მეორე კორპუსში… უფრო დიდი ტერიტორიაა და გაშლილი ეზოა, თუმცა, გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები დახურულ სივრცეში შეიყვანეს“, – ამბობს ლომჯარია.

მისივე ინფორმაციით, ხანძრისას კიდევ ორი პატიმარი დაშავდა, ერთი -კვამლის ინტოქსიკაციით, ხოლო ერთს დაზიანებული აქვს თითი.

„ყველა პატიმარი ცდილობდა დახმარებას, გამოყვანას. მეორე არის ბრიგადირი ე.წ., რომელიც ცდილობდა დახმარებას საკუთარი მეგობრის და პატიმრის. შევიდა, ძალიან სწრაფად გავრცელდა კვამლი, თვითონაც ძალიან დაბნეულები იყვნენ…“, – ამატებს ლომჯარია.

რაც შეეხება ბუნტის ვერსიას, ამბობს, რომ არცერთი პატიმარი არ საუბრობს იმაზე, რომ იყო რაიმე არეულობა ან პანიკა.

„[ცეცხლის გაჩენის მიზეზი] გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენადაც ვიცი, ხანძარი არ გაჩენილა გაზქურისგან. სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია, ეს ყოფილიყო დენის სადენისგან“, – ამატებს ის.


ხანძარი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩნდა. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ხანძარი დაიწყო დაახლოებით 14:20 საათზე სამზარეულოში.

პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ დღეს დილით დაადასტურა, რომ შემთხვევას ორი პატიმარი ემსხვერპლა. სახალხო დამცველის თქმითვე, ხანძრისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი პატიმარია. პენიტენციურმა სამსახურმა კი თავის განცხადებაში დაწერა, რომ დაშავდა კვებითი მომსახურების კომპანია “ილი ჯგუფის” რამდენიმე თანამშრომელიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი