ახალი ამბები

“სხვის გადასარჩენად შევიდნენ სამზარეულოში” – ადვოკატი გარდაცვლილ პატიმრებზე

15 ოქტომბერი, 2021 • 1830
“სხვის გადასარჩენად შევიდნენ სამზარეულოში” – ადვოკატი გარდაცვლილ პატიმრებზე

ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი რუსთავის მე -17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მომხდარი  ხანძრის შესახებ აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი პატიმარი სამზარეულოში სხვების გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა: “გარდაცვლილები არიან ის პატიმრები, რომლებიც სამეურნეო ნაწილში მუშაობდნენ. სავარაუდოდ, სამზარეულოში მუშაობდნენ და ეს ადამიანები იქ საკუთარი ნებით შევიდნენ სხვისი გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, უკან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სამეურნეო ნაწილში დასაქმებულებს აქვთ დაშვება სამზარეულოში. ეს არის ახალი გარემონტებული სამზარეულო, ისინი შევიდნენ სხვების გადარჩენის მიზნით, მაგრამ შეიძლება იქ არავინ ყოფილა”, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისი თქმით, სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება ხანძარზე ადმინისტრაციის რეაგირებას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია აქვს პატიმრების ახლობლებისგან: “მაქვს ინფორმაცია, რომ დააგვიანა დახმარებამ, მაგრამ მაქვს ინფორმაციაც, რომ დროზე მოვიდა”, – განმარტა მან.

მისი თქმით, სამზარეულო ახალი გარემონტებული იყო და შესაძლებელია, რომ ხანძარი გაყვანილობებს გამოეწვია. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, სამზარეულო პატიმრების საცხოვრებელი ბლოკისგან მოშორებითაა და სწორედ ამიტომ არ მომხდარა პატიმრების ევაკუაცია, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. რაც შეეხება კომუნიკაციას, კოჭლამაზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პატიმრებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა აქვთ.

კიდევ ერთი ადვოკატი ანა კეკენაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ რეაგირება დააგვიანა, რადგან პატიმრები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას: “[ხანძრის დროს პროტოკოლით გათვალისწინებული გეგმა] დაირღვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი როგორც მეუბნება, ნამდვილად, დაახლოებით ალბათ ერთი საათი, თავად პატიმრები იღებდნენ მონაწილეობას იმაში, რომ პატიმრები სასადილო შენობიდან ამოეყვანათ. როდესაც დაგვიანებით მოვიდა სახანძრო-სამაშველო დახმარება, ამის შემდეგ გადაიყვანეს პატიმრები თავიანთ საკნებში. ამაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, რასაც პატიმრები საუბრობენ, ის ვიცი”, – განაცხადა კეკენაძემ.

“როგორც პატიმრებმა მითხრეს, მათ თავად ჩაამსხვრიეს მინები, რომ ამოეყვანათ ადამიანები, ვინც იყვნენ სასადილოში და ვერ ახერხებდნენ იქიდან თავის დაღწევას. დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცი. თუმცა, როგორც ვიცი, 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა ამ შენობაში”.

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. გამომძიებელმა, ანზორ გურულმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და სახელმწიფო ინსპექტორი საგამოძიებო მოქმედებებს პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ატარებს.

“ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებასთან მყოფ პატიმრების ოჯახის წევრებს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ საკუთარ ახლობლებთან კომუნიკაცია უკვე შეძლეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ერთ-ერთი მათგანის, მანანა სიხარულაძის თქმით, საპატიმროში მყოფ საკუთარ შვილს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ხანძარი პენიტენციური დაწესებულების ახალ ნაწილში მოხდა და ძველ ნაწილამდე არ მიუღწევია. მისი თქმით, ძველ ნაწილში იყო მცირედი დაკვამლიანება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში 14 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდადებულის — რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის — სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

უწყების ცნობით, კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია “ილი ჯგუფის” რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდადებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდება”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციურ სამსახურში არ პასუხობენ კითხვას, გუშინვე რატომ არ გაავრცელეს ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ, ან არიან თუ არა სხვა დაშავებულები პატიმრებს შორის. პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ განცხადების მიღმა დამატებითი კითხვების გაცემისთვის მზად არ არიან.

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს გაჩნდა, გაითიშა ელექტროენერგია. გავრცელდა ინფორმაცია ციხეში ბუნტის შესახებ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ პენიტენციურმა დღის განმავლობაში რამდენიმე განცხადება გაავრცელა, მაგრამ არ უთქვამს გარდაცვლილების თაობაზე. უწყება თავის განცხადებებში ხაზს უსვამდა, რომ “სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს “.

მასალების გადაბეჭდვის წესი