ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, ბავშვებისთვის უკონტაქტო გლუკომეტრებს აუცილებლად შეიძენენ

12 ოქტომბერი, 2021 • 1045
გაბუნიას თქმით, ბავშვებისთვის უკონტაქტო გლუკომეტრებს აუცილებლად შეიძენენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის აუცილებლად შეიძენენ უკონტაქტო გლუკომეტრებს.

საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი აქვთ და ხელი არ მიუწვდებათ აუცილებელ და ძვირადღირებულ უკონტაქტო გლუკომეტრებზე.

„აუცილებლად იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია, ბავშვებისთვის იყოს შაქრის მონიტორინგის სისტემა უწყვეტი, სენსორებზე დამყარებული, რაც მართვის ხარისხს აუმჯობესებს.

ჩვენ წელიწადზე მეტია დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა, როგორც მომწოდებელთან, ასევე ექსპერტებთან, და მიდის საბოლოო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან. ეს არის დაახლოებით 7 მილიონი ლარის თანხა“, – ამბობს გაბუნია და ამატებს, რომ შესყიდვა აუცილებლად შედგება.

მისივე თქმით, უწყებას აქვს ბაზრის კვლევის შედეგი და „ყველაფერი დეტალურადაა განსაზღვრული“.


მსგავსი დაპირება ჯანდაცვის სამინისტრომ და თამარ გაბუნიამ რამდენიმე თვის წინ გასცა. თუმცა ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიაში შესაბამისი თანხები მაინც არ ასახულა. საქართველოს დიაბეტის ფონდის ინფორმაციით, მაშინაც საუბარი იყო 7 მილიონ ლარზე.

ვრცლად წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:

„ბნელ ტყეში ხელების ცეცებით“ – დიაბეტის მქონე ბავშვებს უკონტაქტო გლუკომეტრის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი