ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” “ალმასგან” ბანერის გამოკვრას ითხოვს

8 ოქტომბერი, 2021 • 946
“ევროპული საქართველო” “ალმასგან” ბანერის გამოკვრას ითხოვს

“ევროპული საქართველო” კომპანია “ალმასგან” ბანერის გამოკვრას ითხოვს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია გამოსახული.

“ევროპული საქართველოს” ბანერის გამოსაკრავად “ალმას” ვადა დღეს, 8 ოქტომბერს, ეწურება. როგორც პარტიის წერვები აცხადებენ, კომპანია კონტრაქტს არღვევს, რის გამოც “ალმასთან” სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

„ალმასთან“ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე კომპანიის ოფისთან “ევროპული საქართველოს” წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ გამართეს.

როგორც გიორგი ნონიაშვილი ამბობს, “ალმას” წარმომადგენლები ტელეფონს არ პასუხობენ და ცდილობენ დაიმალონ და პასუხისმგებლობას გაექცნენ.

„ჩვენ ვართ ახლა კომპანია “ალმასთან” , რომელსაც ეკუთვნის თბილისის ბილბორდები და რომელმაც წინასაარჩევნოდ ეს ცნობილი სისხლიანი ზიზღნარევი ბილბორდები გააკრა მთელი თბილისის მასშტაბით და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ როგორც კი ჩვენ მივაკითხეთ 29 სექტემბერს პოლიტიკური სატირის შემცველი ბილბორდების გაკვრის მოთხოვნით, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება და ამის ყველანაირი უფლება გვაქვს, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაგვეკრა, მათ მაშინვე შეექმნათ პრობლემები. რადგან მათ არ სურთ, ბიძინა ივანიშვილს ძილი დაუფრთხონ და შეაწუხონ რამით, ჩვენ შეგვიყვანეს რაღაც ბიუროკრატიულ ბუღალტერიაში.  საბოლოოდ ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება პირველ ოქტომბერს, კონტრაქტით გათვალისწინებული 5- დღიანი ვადის ბოლო დღეა დღეს. მათ მიერ ხელმოწერილ კონტრაქტს არღვევენ, რაშიც ფული გვაქვს გადახდილი. ისინი ცდილობენ დაიმალონ და გაექცნენ პასუხისმგებლობას, ტელეფონს არ პასუხობენ, ყველანაირად ცდილობენ ამ საქმიდან გამოძვრნენ. ჩვენ მათ დიდ დისკომფორტს შევუქმნით სამართლებრივად, არ გაუვათ კონტრაქტის პირობების ასე დარღვევა”, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ბესიკ დონაძის თქმით კი, “ალმა” ვალდებულია, რომ  პარტიასთან დადებული ხელშეკრულების ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულოს.

“კომპანია “ალმამ”, რომელმაც დადო ხელშეკრულება 30 სექტემბერს, რამდენჯერმე შეგვიცვალა პირობები და ყველა პირობა იყო გაუარესებული. ჩვენ დავთანხმდით მათ მიერ გამოგზავნილ ხელშეკრულებას, ხელი მოვაწერეთ და “ალმა” ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ყველა პუნქტი შეასრულოს ზედმიწევნით, დღეს უკვე განთავსებული უნდა იყოს 6 ლოკაციაზე თბილისში ბილბორდები, მათ აქვთ დღეს, დღის ბოლომდე ვადა, რომ ეს განახორციელონ. ამ პირობების არშესრულების შემთხვევაში მათ მოუწევთ როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საჯარიმო სანქციები და, რაც ყველაზე მთავარია, მას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება. ეს არის გადამგდები კომპანია და მათი მფლობელი ფხაკაძეები, რომლებიც ცდილობენ სისულელეების მოგონებით თავი აარიდონ დაკისრებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

გუშინ, 7 ოქტომბერს, კომპანია “ალმამ” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვს, რომ  კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი ისეთი გარე რეკლამების გავრცელება, რომელსაც საკუთარ ბილბორდებზე თვითონ ავრცელებდა.

„ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გარდა აკრძალვისა, რეკლამის გამავრცელებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე. საკანონმდებლო ინიციატის განხილვა პარლამენტში დღეს უნდა გაიმართოს.

აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ, ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას აპირებს “ალმა” “ევროპული საქართველოს” ბანერის გამოკვრასთან დაკავშირებით. კომპანიაში არ დაგვიკონკრეტეს, აპირებს თუ არა “ევროპული საქართველოს” ბანერის გამოკვრას და გვითხრეს, რომ ეს საკითხი ამოწურეს სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით.


თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2 ოქტომმბრის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებდა, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

29 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შპს „ალმას“, რომლის კუთვნილ ბილბორდებზეც ოპოზიციონერების გამოსახულებით „სისხლიანი“ ბანერებია განთავსებული, საკუთარ პოსტერს მიუტანდენ, რათა „იმავე სტანდარტით“ ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გაეკრათ.

პასუხად კომპანია „ალმამ“ განაცხადა, რომ მზადაა, განათავსოს „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია ნაჩვენები.

„ალმა“ სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვას ითხოვს, რომელსაც თავად ავრცელებდა

მასალების გადაბეჭდვის წესი