აზერბაიჯანში, ქალაქ ბერდის ქალთა კლუბის ხელმძღვანელ ულვია ბაბასოის, რომელიც ადრეული ქორწინებების პრევენციის პროექტის განხორციელების გამო იყო ბრალდებული, 5 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელი მიესაჯა.
განჯის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ბაბასოი “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივ სიყალბეში დამნაშავედ ცნო”.
ბრალდების მიხედვით, “2024 წლის მარტში ბაბასოიმ ადრეული ქორწინებების პრევენციის მიზნით პროექტის „მე მაქვს ოცნებები“ განსახორციელებლად მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა და მის საბანკო ანგარიშზე 30 ათასი დოლარი გადაირიცხა. მას თანხის ეკონომიკის სამინისტროში გრანტის სახით დაურეგისტრირებლობასა და პროექტის მომსახურების ხელშეკრულებით გაფორმებას ედავებოდნენ”.
ბაბასოი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ბერდის ქალაქსა და დაახლოებით 10 სოფელში მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ადრეული ქორწინების შედეგებზე 50-მდე შეხვედრა და სემინარი გაიმართა.
მისივე განცხადებით, მიღებული თანხა პროექტის მიზნებისთვის დაიხარჯა და საქმიანობის განმავლობაში გადასახადებს დროულად იხდიდა.
ბაბასოის საქმე აზერბაიჯანში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სერიის ნაწილია. ამ საქმეებზე ბრალდებულები წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული, 2014 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება 2025 წლის თებერვალში განაახლა. მას შემდეგ დაახლოებით 20 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
