თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა იმ დროს, როდესაც მასში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა ექვსივე დაშავებული გამოიყვანეს. ისინი კონტაქტურები იყვნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება, ამის შემდეგ კი კლინიკებშიც გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, ლიფტი ავარიულად მე-9 სართულიდან მოწყდა და მასში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მგზავრს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი. საცხოვრებელი კორპუსი შედარებით ახალი აშენებულია, გამგეობის ცნობით, ის ექსპლუატაციაში 2013 წელს მიიღეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
