ახალი ამბები

თაბაგარის თქმით, მისთვის 15-დღიანი პატიმრობას შეფარდებას ითხოვენ

7 ოქტომბერი, 2021 • 743
თაბაგარის თქმით, მისთვის 15-დღიანი პატიმრობას შეფარდებას ითხოვენ

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი ამბობს,  რომ სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე მისთვის ბრალდების მხარე 15-დღიან პატიმრობას ითხოვს.

საქმე ეხება 5 ივლისს — ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ “ღირსების მარშის” ჩაშლის, ჟურნალისტების ცემისა და აქტივისტთა დევნის დღეს — თაბაგარსა და ერთ-ერთ გამომძიებელს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.

“დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე. ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს!

მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არცერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს…”, –  აცხადებს თაბაგარი.

როგორც თაბაგარმა ნეტგაზეთს უთხრა, აღნიშნულ საქმეზე მომდევნო პროცესი 22 ოქტომბერსაა ჩანიშნული.


5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

მათ რუსთაველის გამზირზე ჯერ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვები დაარბიეს, რომლებიც იქ რამდენიმე თვით ადრე გაიშალა, შემდეგ კი  “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისებს დაესხნენ თავს.

პრაიდის ორგანიზებაში ჩართული აქტივისტები ჰყვებიან, რომ რამდენჯერმე შეიცვალეს ლოკაცია, ვინაიდან ძალადობრივი ჯგუფები მათ მარტივად აგნებდნენ. აქტივისტებისთვის ბუნდოვანია, როგორ ახერხებდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მათი ადგილსამყოფლის პოვნას მარტივად და სწრაფად.

დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

აღნიშნულმა პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე, ჯამში, 30-მდე პირია დაკავებული.

დაკავებულები, ძირითადად, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები არიან. რაც შეეხებათ შეკრების ორგანიზატორებს: არაერთი მათგანი შსს-ს გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლა.

წარმოუდგენელი იყო ეს ჯოჯოხეთი – გიორგი თაბაგარის ისტორია 5 ივლისის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი