ახალი ამბები

წარმოუდგენელი იყო ეს ჯოჯოხეთი – გიორგი თაბაგარის ისტორია 5 ივლისის შემდეგ

30 ივლისი, 2021 • 1892
წარმოუდგენელი იყო ეს ჯოჯოხეთი – გიორგი თაბაგარის ისტორია 5 ივლისის შემდეგ

როგორ აისახა 5 ივლისის მოვლენები ქვიარ თემსა და აქტივისტებზე? “ნეტგაზეთი” ზეპირი ისტორიების სერიაში ამჯერად გთავაზობთ გიორგი თაბაგარის მონათხრობს. ის “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და  5 ივლისს დაგეგმილი მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია: 


“შსს სხვადასხვა რიცხვს ასახელებდა სიტუაციის გასამძაფრებლად”

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბოლოს 4 ივლისს ვნახეთ. შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა 5 ივლისს დაგეგმილ მარშს. გვიზიარებდნენ თავიანთ შიშებს, რისკებს, რომლებიც არსებობდა და სხვადასხვა რიცხვს ასახელებდნენ ხოლმე სიტუაციის გასამძაფრებლად. გვეუბნებოდნენ, რომ [კონტრაქციაზე მობილიზდებოდა] 30 000, 50 000 ადამიანი, რომ ეპარქიებიდანაც მოდიოდნენ ადამიანები და ჩვენი შეკრება/მსვლელობა იქნებოდა პრობლემური.

სწორედ ამ მომენტს დაემთხვა საპატრიარქოს განცხადება 5-ში დაგეგმილი პარაკლისის შესახებ. შსს-ს წარმომადგენელმა ჩვენთან შეხვედრაზე წაიკითხა ეს განცხადება და დასტურადაც დაიხმარა ეს გარემოება. როცა ვიშლებოდით, ჩვენ ვუთხარით, რომ დავაკვირდებოდით, რა ვითარება იქნებოდა მეორე დღეს, ხაზზე ვიქნებოდით შსს-სთან და დილით იქნებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მათთან, უსაფრთხოების დეტალებზე.

ბოლო დღეს ჩვენ შევთავაზეთ [შსს-ს], რომ თუ მათთვის პრობლემური იქნებოდა რუსთაველის გამზირი, არ გვქონდა პრობლემა, რომ მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე ან თუნდაც ვაკეში [გაგვემართა მარში]. მივეცით არჩევანი და ვუთხარით, რომ თუ თქვენთვის უფრო მარტივი იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაშინ აგერ, გთავაზობთ სხვა ვარიანტებს-მეთქი. თავის მხრივ, მათ შემოგვთავაზეს დიდუბის გამოფენა,  რომელიც არც განგვიხილავს, რადგან რაღაც შემოფარგლულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა იმთავითვე არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

მეორე დღეს შეხვედრა აღარ შედგა. არ გამოსულან ხაზზე. უკვე 12:00 საათზე, როცა ღარიბაშვილის განცხადება მოვისმინეთ, ცხადი იყო, რომ ისეთი პროცესები დაიწყო, შეხვედრის ორგანიზებას კი არა, აღარაფერს ჰქონდა აზრი. მივხვდით, რომ მანდ მორჩა. ხაზზეც კი აღარ იყვნენ, მიუწვდომლები იყვნენ [შსს-ს წარმომადგენლები]. რომ მოგვდევდნენ და გვინდოდა, კომუნიკაცია დაგვემყარებინა, მიუწვდომლები იყვნენ.

ველოდი თუ არა, რომ დაგვიცავდნენ?

წელს გვქონდა 2 ღონისძიება, რომელიც წინ უძღოდა 5 ივლისს — ფილმის ჩვენება და პრაიდფესტი. მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ გვქონდა პირობა, რომ ისინი[შსს] დაიცავდნენ ორივე მათგანს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხარვეზების მიუხედავად, მათ დაიცვეს ფესტივალიც და ფილმის ჩვენებაც. იქ იყო პრობლემები, რა თქმა უნდა, დასაკავებლები იყვნენ ორგანიზატორები და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივე ღონისძიება შედგა.

მესამე ღონისძიებასთან დაკავშირებით ისინი ყველა შეხვედრაზე ამბობდნენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებდნენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ეს არ იყო გარანტია, რადგან იქვე ხაზს უსვამდნენ, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია [მეორე] მხარის, ეპარქიების მობილიზების, მათი მხრიდან სერიოზული მზადების შესახებ.

პოლიციამ ყველაფერი იცის ხოლმე, როგორც წესი. წარმატებით უსმენენ ჩვენს კომუნიკაციას და ყოველთვის აქვთ ოპერატიული ინფორმაცია ჩვენს გეგმებზე. არ მინდა, დავიჯერო, რომ პოლიციას თუ სუს-ს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიეღო ძალადობის ორგანიზატორი ჯგუფების გადაადგილებაზე. ეს ნიშნავს, რომ ეს სახელმწიფო საერთოდ არ ფუნქციონირებს. საუბარი არის უბრალოდ პოლიტიკური ნების არქონაზე, აქტიურად ხელის არშეშლის პოლიტიკაზე და შეიძლება, ამ ჯგუფების დახმარებაზეც.

“იმედი გვქონდა, ხელისუფლებაში საღი აზრი გაიმარჯვებდა”

მე ველოდი და დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ არც ეკლესიას და არც აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს ამ რაოდენობით ადამიანების შეკრება[როგორც ეს 2013 წლის 17 მაისს გააკეთეს], არ შეეძლოთ და ამიტომ არ გვჯეროდა შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის. დადასტურდა კიდეც, რომ მაქსიმუმ 8-10 ათასი ადამიანი იყო 5 ივლისს გარეთ და ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, რომლებიც ეკლესიის მიერ იყვნენ გამოყვანილნი სალოცავად თუ სხვა მიზნებისთვის, არ იყვნენ აგრესიულად განწყობილნი.

ის კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც დაორგანიზდნენ, იძალადეს, ქალაქში დაგვდევდნენ და ჟურნალისტების მიმართ იყვნენ აგრესიულნი, იყვნენ “ალტ ინფოს” მიერ დაორგანიზებული ძალები, რომლებსაც ხელი შეუწყვეს საპატრიარქომ, რიონის ხეობის მოძრაობამ და სხვებმა, მათ შორის, სახელმწიფომ. ამიტომ მჯერა იმის, რომ რეალურად, ეს იყო რუსეთის ჰიბრიდული სპეცოპერაცია ამ ქვეყანაში. ამას ასევე მოწმობს ის, რომ აღნიშნული ძალები[ვინც დააორგანიზა ძალადობა] ითხოვენ ანტიპროპაგანდის კანონის მიღებას საქართველოში. ეს ზუსტად ის კანონია, რომელსაც რუსეთი ლობირებს საგარეო პოლიტიკაში. მე არ მაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი იმაში, რომ ხელისუფლებამ, რადიკალურმა ჯგუფებმა თუ საპატრიარქომ, ყველამ, ითამაშეს რუსეთის თამაში.

თუმცა, სანამ ეს დღე იქნებოდა, მქონდა იმედი იმისა, რომ უპრეცედენტო ზეწოლა იყო. უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანები ვიყავით ჩართული პრაიდ კვირეულის ორგანიზებაში. თუ მომენტუმი შეიძლებოდა ყოფილიყო, როდის შეიძლება [პრაიდი] შედგეს საქართველოში, წელს იყო ამისთვის იდეალური დრო. იმასაც ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, “ქართულ ოცნებას” ჰქონოდა კარგი შესაძლებლობა ადამიანის უფლებების სფეროში თავისი შერყეული იმიჯის გამოსასწორებლად. ვფიქრობდით, რომ ასე ხედავდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები ამ მოცემულობას.

ასევე გვინდოდა, მათ დაეჯერებინათ იმ საფრთხის რეალურობა, რომ ეს ჯგუფები, “ალტ ინფოს” ხალხი თუ ფალავანდიშვილები არიან საფრთხე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ვეუბნებოდით ამას ყოველ შეხვედრაზე. მოკლედ, იმედი გვქონდა, ხელისუფლებაში საღი აზრი გაიმარჯვებდა და აიღებდნენ პასუხისმგებლობას ამ ღონისძიების ერთხელ და სამუდამოდ ჩატარებაზე. გულწრფელად მჯეროდა, რომ ეს უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის.

“უსაფრთხოების შეგრძნება ნამდვილად არსად გვქონდა”

დილით მივედით “სირცხვილიას” ოფისში. ვაპირებდით, რომ 12:00 საათზე შევკრებილიყავით ორგანიზატორები, გვენახა, რამდენი ადამიანი იყო ქუჩაში, რომ ანალიზის შესაძლებლობა გვქონოდა საფრთხეებთან დაკავშირებით და ასევე იგეგმებოდა პოლიციასთან შეხვედრა. 12:00 საათამდე ვერც მივედით: ჯერ ღარიბაშვილმა გააკეთა ის განცხადება, შემდეგ კი “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა, რომ [ძალადობრივი ჯგუფები] მოდიოდნენ “სირცხვილიას” ოფისისკენ.

მალევე დავტოვეთ “სირცხვილიას” ოფისი და წავედით გაეროს სახლში. ყველა ერთად, 40 ადამიანი ვერ წავიდოდით, სხვადასხვა მანქანებში უნდა გადავნაწილებულიყავით. ვიღაცები ჩამოგვრჩნენ. მაგალითად, ანა სუბელიანი, დავით სუბელიანი და ეთო ბუზიაშვილი. ის ჯგუფები უკვე იქ იყვნენ რეალურად და დარჩენილების გამოყვანა პრობლემა გახდა უკვე.

დანარჩენები წავედით გაეროს სახლში, მართლა ბეწვზე გავასწარით, იმიტომ, რომ უკვე იკრიბებოდნენ ადგილზე. გაეროს ოფისში რომ მივედით, ალბათ ნახევარი საათით ვიყავით იქ, რის შემდეგაც თქვეს, რომ საეჭვო ადამიანებმა დაიწყეს შენობის მიმდებარედ შეკრება. თავიდან არ მეგონა, ვფიქრობდი, გაეროს სახლში რა უნდა მოხდეს-მეთქი და არ მივიღე სერიოზულად ეს ამბავი. დევნა თუ იქნებოდა, ამის მოლოდინი ჯერ კიდევ არ მქონდა.

უკვე შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავსულიყავით ქალაქგარეთ და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში გადავწყვიტეთ წასვლა. მე და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები — დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია — გამოვედით ერთად, სხვები სხვადასხვა მანქანაში გადანაწილდნენ. ჩემი მანქანა მოჰყვა იმ ტალღაში. მე მართლა სასწაულებრივად გადავრჩი, დათოსა და თორნიკეს — სცემეს.

ოფისში შევედით თუ არა, ვიცოდით, რომ ადევნების ამბები ხდებოდა და არ გამოვრიცხავდი, იქაც მოსულიყვნენ. მსჯელობის საშუალება პირველად იქ მოგვეცა და ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა. აუცილებლად უნდა გაგვეუქმებინა ღონისძიება, ვინაიდან სხვანაირად ვერ შევაჩერებდით ამ ძალადობას. მაგრამ განცხადების დაწერას დრო ხომ უნდოდა? ამის დროც არ მოგვეცა წესიერად. სანამ დავდეთ ეს პოსტი, ასაფეთქებელი შემოაგდეს და ახალი ევაკუაცია გვქონდა გასაკეთებელი.

შემდეგ “მთავარმა არხმა” გამოგვიგზავნა მანქანები, რომ მის ერთ-ერთ პავილიონში გადავეყვანეთ. გავყევით, მაგრამ იქაც აგვედევნნენ მერე. ეს იყო, პრინციპში, ბოლო წერტილი. ბოლო ლოკაცია, სადამდეც მოვიდნენ. იქ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: ჭიშკრის კარი ჩამოვარდა და ადვოკატ გიორგი მახარაძეს დაეცა, რომელიც შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა.

ამასობაში, იქაც იწყებდა საეჭვო გარეგნობის ხალხი შეკრებას და გადავწყვიტეთ, საერთოდ დავშლილიყავით, რადგან ჯგუფურად სიარული არ იყო კარგი იდეა. გადავნაწილდით სხვადასხვა ბინაში.

დაახლოებით საათ-ნახევარში ცოტა დამშვიდდა სიტუაცია და ჩვენი აქტიური დევნა აღარ გაგრძელებულა. ან შეიძლება, ხდებოდა და არ ვიცით. უსაფრთხოების შეგრძნება ნამდვილად არსად გვქონდა. რთული იყო ასეთი ადგილის განსაზღვრა. ამიტომ გამოვიცვალეთ 8 ადგილი იმ დღეს.

ყველაზე კრიტიკული მომენტი იმ დღეს

ჩემთვის ეს იყო მანქანაში მიმწყვდევის ამბავი, როცა თავს დაგვესხნენ. გარშემორტყმული ვიყავი ადამიანებით, რომლებიც მანქანას ურტყამდნენ ხელს და არ ვიცი, როგორ გამოვაღწიე. მაგ მომენტში მეგონა, რომ რამდენიმე წუთში ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. თვითგადარჩენის ინსტინქტი მქონდა, ერთ მანქანას მივარტყი, რომ გაწეულიყო.

რომ ჩავედი მრგვალ ბაღთან, გზაზე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება და მეგონა, რომ გავაღწიე, ამ დროს ვხედავ, რომ ჭავჭავაძიდან ამოდის 50-მდე შავებში ჩაცმული ადამიანი და პირდაპირ შევეჩეხე ამ ჯგუფს.

პირდაპირ შემოიხედეს მანქანაში. იმის მიუხედავად, რომ პირბადე მეკეთა და არ ვიყავი მარტივად ამოსაცნობი, მაინც ამომიცნეს და დაუწყეს მანქანას რტყმა. გაზს მივაჭირე, რომ გაწეულიყვნენ და ასე, როგორღაც, გამოვედი. ამ მომენტში უკვე მარტო ვიყავი, რადგან დათო და თორნიკე დავკარგე მანამდე.

ძალიან რთული იყო იმის გაცნობიერებაც, რომ შეიძლებოდა, ავეფეთქებინეთ იმ შენობაში. სრულიად დაუცველობის შეგრძნება მქონდა. ამ დღეს ცხოვრებაში პირველად მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ შეიძლებოდა, ვერ გადავრჩენილიყავი. მეც და ალბათ ძალიან ბევრ ხალხსაც.

არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ საპატრიარქოს დაუპირისპირდებოდა ხელისუფლება ჩვენ გამო, მაგრამ ის, რომ საერთოდ არაფერს გააკეთებდნენ და ნადირობა იქნებოდა ადამიანებზე… ყველა იმ ინციდენტში, რომელშიც ვმონაწილეობდი და რაც ჩემს თავზე გამოვცადე, სახეზეც კი არ მახსენდება ერთი პოლიციელი. ერთი პოლიციელიც არ იყო, ვისთვისაც შეიძლებოდა, დახმარება მეთხოვა. მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი სახელმწიფო გარდაიცვალა. წარმოუდგენელი იყო ეს ჯოჯოხეთი, უსამართლობისა და უსუსურობის განცდა… შეგრძნება, რომ გაგწირეს და დაგიკიდეს.

“ძალიან ამაღლებული განწყობა გვქონდა 6-ში”

6 ივლისი რომ გათენდა, ჯერ მნიშვნელოვანი იყო ყველაფრის გადახარშვა, რაც მოხდა. სხვა აქტივისტებიც რომ ვნახეთ, თითქოს გავამხნევეთ ერთმანეთი და გაჩნდა იმედი, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. შუადღისას დაანონსდა აქცია და ვთქვით, რომ უნდა გავსულიყავით ამ აქციაზე.

ვიყავით კარგ განწყობაზე. ძალიან ამაღლებული განწყობა გვქონდა 6-ში. იმის მიუხედავად, რომ ის ჯგუფები დაბრუნდნენ პარლამენტთან და დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, როგორც მახსოვს, მაინც გვქონდა იმის შეგრძნება, რომ არ დაგვიკარგავს ეს ბრძოლა. თემის უამრავი წევრი იყო აქციაზე… ის ადამიანები, რომლებიც გაბრაზდნენ 5 ივლისის პროცესებზე. მნიშვნელოვანია, რომ თითქმის იგივე ოდენობის ადამიანები გამოვიდნენ გარეთ, რამდენიც წინა დღეს, ერთად აღებული ის ხალხი, რომლებიც 1 თვის განმავლობაში აორგანიზებდნენ იმ ყველაფერს. მთელი თვე ემზადებოდნენ საპატრიარქო და ალტ ინფო 5 ივლისისთვის და მაინც ვერ დააორგანიზეს იმდენი ხალხი, რამდენიც მათ სურდათ. ის ორგანიზებული ფიზიკური ძალა, რაც მათ გამოიყენეს დევნისთვის, იყო ეფექტური და ამან შექმნა წარმოდგენა, რომ იმ დღეს მათ გაიმარჯვეს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასე დალაგდება.

როგორ აისახა ივლისის მოვლენები ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

ძალიან ცუდად. ახლა ვაპირებ თერაპიის დაწყებას. ძალიან რთული იყო ორგანიზებულ ძალადობასთან პირისპირ დარჩენა, როცა პირდაპირი სამიზნე ხარ და შესაძლოა, მიზანმიმართული თავდასხმის მსხვერპლი გახდე.

თვითონ ის ინციდენტები, რომლებიც მე გადამხდა, ძალიან მძიმე იყო. კადრებად მიდგას ხოლმე თვალწინ. მანქანის, როგორც დაცული სივრცის შეგრძნება აღარ მაქვს, ვინაიდან ზემოთ ნახსენები ინციდენტი მანქანაში ხდებოდა.

ზოგადად, ძალიან ძლიერი ვარ. სხვაგვარად ასეთ აქტივიზმში ვერ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, მსგავსი ამბები თავის კვალს ტოვებს და მოქმედებს, მაგრამ ის, რომ ხანგრძლივად გამიგრძელდეს ემოციურად დაცემულ მდგომარეობაში ყოფნა, ჯერ არ მქონია ჩემს ცხოვრებაში, 35 წლის განმავლობაში.

შესაბამისად, არც ახლა მაქვს, იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ ვიცით, ზუსტად რა მასშტაბის სიძულვილთან გვქონდა საქმე. მე ასე არ ვუყურებ, რომ ჩაიარა 5-მა ივლისმა და დასრულდა პროცესი. ჩემთვის უფრო დიდ მასშტაბზე გადის მაგ ჯგუფების სიძულვილი. გადის სახელმწიფოებრიობის იდეაზე და იმაზე, რა მომავალი აქვს ამ ქვეყანას. შესაბამისად, წარსულ დროში ვერ ვისაუბრებ იმ ყველაფერზე, რაც იყო.

“ვერიდები გადაადგილებას”

სხვა მხრივ, მინდა, უბრალოდ, დავისვენო და ამ ყველაფრის გააზრების შესაძლებლობა მქონდეს, გარედან შევხედო მოვლენებს. ჯოჯოხეთი იყო ის ყველაფერი, რაც ბოლო 2 კვირა ხდებოდა ჩვენს თავს.

არ მაქვს ამ ქალაქში დაცულობის შეგრძნება. არსად, ქალაქის მასშტაბით. რთულია და ვერიდები გადაადგილებას, რადგან ყველა ასეთ მცდელობაზე საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტები მქონდა.

შეგრძნება მაქვს, რომ ხელისუფლებამ ამოუშვა ჯინი ბოთლიდან და მთელ ქალაქში გაუშვა. მწვანე შუქი აუნთო ამ პროცესს. ამიტომ ვეღარ ვხედავ სხვა გამოსავალს ამ სიტუაციიდან, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა და ხელი შეუწყო, რაც შეიძლება მალე უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას იმისთვის, რომ ადამიანებმა ცხოვრების, დასავლური ინსტიტუციებისკენ სვლის გაგრძელება შეძლონ.

მგონია, რომ მენტალური ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. გადაადგილების შიში და კონკრეტულ მომენტში სტრესული ფონი არ არის ის ნორმალური ვითარება, რომელშიც ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მენტალურ ჯანმრთელობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა საქმის კეთება გავაგრძელოთ, არ მოხდეს ადამიანების გადაწვა და ნიჰილიზმში გადავარდნა, რაც ხშირად ვნებს ხოლმე აქტივიზმს.

ჩვენ ვიცით, რომ ხილვადობის აქტს — პრაიდი იქნება ეს თუ 17 მაისი – მოჰყვება ხოლმე აგრესიისა და ძალადობის ტალღა სხვადასხვა ჯგუფისგან. მაგის მოლოდინი ისედაც გვქონდა. 2019 წლის პრაიდის გამოცდილებიდან ვიცი ისიც, რომ პირადი უსაფრთხოების შეგრძნებაც იკარგება რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მარტივად უბრუნდება ნორმალურ მოცემულობას. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება და ეს არ მიიღებს განგრძობით ხასიათს, რომ აქტივისტები დაცულად არ გრძნობდნენ თავს ამ ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან პრობლემური. ეს ნიშნავს, რომ ვხდებით რუსეთი.

“არ მგონია, რომ რაიმე არის დასათმობი ამ ეტაპზე”

ამ ბრძოლას აქვს აზრი. რომ არ მჯეროდეს, ამ საქმეს არ გავაკეთებდი. მჯერა, რომ შედეგის თვალსაზრისით არაფერს მოაქვს ისეთი სწრაფი და ეფექტური ცვლილება, როგორც ხილვადობის აქტებს. ადამიანების გონებაში გარდატეხა ყველაზე მეტად ხდება ზუსტად ხილვადობის აქტებით, როცა ადამიანები ქამინგაუთდებიან, თავიანთი პრობლემების შესახებ პირველ პირში იწყებენ საუბარს და ამას ისმენენ ჩვენი თანამოქალაქეები.

მგონია, რომ პრაიდს უდიდესი შედეგები აქვს ამ კუთხით და სამომავლოდაც ექნება ნეიტრალურად განწყობილი ადამიანების განწყობების შეცვლის კუთხით… ზუსტად იმ სამიზნე ჯგუფისა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ: ესენი არიან ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები.

მგონია, რომ ამ კუთხით უდიდესი ნაბიჯები გადავდგით: ინსტაგრამზე ბოლო 1 თვეში 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა თბილისი პრაიდის გვერდი. ასეთივე სტატისტიკა გვაქვს ფეისბუქზე, ტიკტოკზე, ტვიტერზე და სხვა სოც. ქსელებში. აქ ადამიანების რაოდენობა, ვინც უჭერს მხარს პრაიდის იდეას და აწუხებს ეს პრობლემები, საგრძნობლად არის გაზრდილი.

ამიტომ, ეს გასაგრძელებელი ამბავია. განსაკუთრებით პრაიდ ფესტზე მივხვდი ამას. ეს იყო ღონისძიება, რომელმაც მომცა დიდი იმედები, რომ სწრაფი ცვლილებები არის შესაძლებელი. მთელი დღის განმავლობაში 2 000-მდე ადამიანი დაესწრო ამ ფესტივალს. ამას მიემატა 6 ივლისის ამბებიც. ეს ყველაფერი ჩემთვის ოპტიმისტურ სცენარში ლაგდება. ასე ვუყურებ, რომ ჭიქა მაინც არის ნახევრად სავსე.

ეს პროცესები, რაც მოხდა და ის ბრაზიც, რომელიც ადამიანებში არის ამ პროცესების მიმართ, აუცილებლად იქნება იმის კატალიზატორი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეიცვლის წარმოდგენას, სხვანაირ კითხვებს დაუსვამს თავის თავს, უფრო კრიტიკულად შეაფასებს პროცესებს, ცალკეულ აქტორებს და ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის მომხდენი.

6 ივლისსაც დავინახე ეს და ამავეს ვხედავ ადამიანების განწყობაშიც. მე არ მგონია, რომ რაიმე არის დასათმობი ამ ეტაპზე.

“სოციალური გარდატეხა სხვაგვარად არ მოხდება”

რამის შეცვლაზე, რა თქმა უნდა, მსჯელობას ვაპირებთ. იგივე ხელისუფლება თუ იქნება ქვეყნის სათავეში, არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი, რომ მარშის ორგანიზების მცდელობა გვქონდეს მომდევნო წელს. გუნდმა უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რას და როგორ ვიზამთ მომავალ წელს. მე მგონია, რომ თუ ეს ხელისუფლება იქნება ისევ, არანაირი გარანტია არ გვექნება, რომ ზუსტად იგივე არ მოხდება, რაც ახლა მოხდა წელს. არ მაქვს ამ ხალხის[ხელისუფლების] იმედი.

ჩემთვის “ქართული ოცნების” ხელისუფლება საბოლოოდ დასრულდა 5 ივლისს. ამის შემდეგ აღარ მჯერა, რომ ამ ძალას შეუძლია, რაიმე სასიკეთო გააკეთოს ქვეყნისთვის. არც აქამდე მჯეროდა დიდად, თუმცა ეს მოვლენები ბოლო წვეთი იყო. შესაბამისად, შეიძლება, რომ სტრატეგიაზე რაიმე ასახვა ჰქონდეს იმას, რა პოლიტიკური პროცესები იქნება ქვეყანაში. თუ იქნება კოალიციური მთავრობა და შეცვლილი გარემო, შეიძლება, ვაკეთოთ ზუსტად იგივე რაღაცები, რასაც ვაკეთებდით აქამდე. ეს დასაგეგმია. თუმცა ის, რაშიც ეჭვი არ მეპარება, არის ხილვადობის პოლიტიკის საჭიროება და ეფექტურობა.

რა ფორმით იქნება ეს ხილვადობა, სხვა ამბავია. თუმცა, იმ ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც “ხალხის არგაღიზიანების” [პოლიტიკას ატარებენ] და პრაქტიკულად არ იყენებენ ხილვადობას, როგორც ცვლილების ძალიან მნიშვნელოვან რესურსს, ამ მიდგომას არ ვიზიარებ და ამიტომაც დავიწყეთ თავის დროზე პრაიდის კეთება. სოციალური გარდატეხა სხვაგვარად არ მოხდება საზოგადოებაში, თუ ხილვადობის ისეთი ფორმები არ იქნება გამოყენებული, რომელსაც იყენებს “თბილისი პრაიდი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი