ახალი ამბები

პოლიციელები თანამშრომელს მიათრევდნენ, გამოსარჩლებისას მეც დამაკავეს – თაბაგარი

16 ოქტომბერი, 2021 • 1075
პოლიციელები თანამშრომელს მიათრევდნენ, გამოსარჩლებისას მეც დამაკავეს – თაბაგარი

„თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ის მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთი თანამშრომლის პოლიციისგან გამოხსნას ცდილობდა.

„უცებ ვხედავ, პოლიციელები მიათრევდნენ ჩვენს ერთ-ერთი მეგობარს და თანამშრომელს, უსახლკარო ადამიანს. გამოვესარჩლე უბრალოდ, ვეკითხებოდი ყველა პოლიციელს, რატომ მიგყავთ, რატომ აკავებთ ამ ადამიანს. და მისი გამოხსნის მცდელობისას, შელაპარაკების პროცესში, მეც დამაკავეს“, – განუცხადა თაბაგარმა „მთავარ არხს“.

„თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და კიდევ ორი პირი პოლიციამ წუხელ, 15-16 ოქტომბრის მიჯნაზე, ბარ „საქსესთან“ დააკავა და რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

„აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, — აცხადებს თბილისი პრაიდი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობისთვის დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მიხედვით.

მოგვიანებით თაბაგარმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა წინა ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ პოსტი:

მასალების გადაბეჭდვის წესი