ახალი ამბები

სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთაზე კიევში მოკვლევა დაიწყო

7 ოქტომბერი, 2021 • 882
სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთაზე კიევში მოკვლევა დაიწყო

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა ოფიციალური შემოწმება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის საზღვრის კვეთის საქმეზე. როგორც “УКРАИНСКАЯ ПРАВДА” საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით აცხადებს, უფლებამოსილება შეუჩერეს უწყების რამდენიმე თანამშრომელს.

გამოცემა წერს, რომ გამოძიების ინტერესია, სააკაშვილის მიერ საზღვრის დატოვების გარემოებები დაადგინონ. იმ პირებს შორის კი, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ, მაღალჩინოსნებიც არიან.

კითხვაზე, არის თუ არა სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთაზე ჩანაწერები მონაცემთა ბაზაში, საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას ვერ გაავრცელებს, რადგანაც ის კონფიდენციალურია.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. ამ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა,“.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია და ზურა და შალვა წოწორიები. სამივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცომაია სწორედ ის ადამიანია, ვის კუთვნილ ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, ხოლო წოწორიებს პროკურატურა სააკაშვილის ფოთიდან აბაშამდე გადაყვანას ედავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი